პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი გასაოცარი სტანდარტია - ბოკუჩავა

20.05.26 15:23
პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი გასაოცარი სტანდარტია - ბოკუჩავა

ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დაკავება განცხადებების გამო დიქტატურისთვისაც კი "გასაოცარი სტანდარტია".

პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში, სადაც მდინარაძე აანონსებს, რომ „ფეისბუქის“ სტატუსების გამო შეიძლება გამოამწყვდიონ ადამიანები გასაკვირი არაფერია. 

მთავარია, ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი მწყობრი, დაუღალავი ბრძოლა ხალხთან ერთად, იმისთვის, რომ ამ ქვეყანას სიკეთე მოვუტანოთ - აცხადებს ბოკუჩავა.  

ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი სტანდარტია. ამ სტანდარტით ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი პოლიტიკოსის ციხეში გამომწყვდევაა შესაძლებელი. თუმცა, ქვეყანაში, სადაც მდინარაძე აანონსებს, რომ „ფეისბუქის“ სტატუსების გამო შეიძლება გამოამწყვდიონ ადამიანები და ტროტუარზე დგომის გამო უკვე ამწყვდევენ ადამიანებს ციხეებში (მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი გუშინ დააკავეს სწორედ ამის გამო 3 დღით), გასაკვირი და მოულოდნელი თავისთავად, ვერაფერი იქნება, ვერც ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში და ვერც პოლიტიკურად მოტივირებული სხვა საქმეებში. მთავარია, ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი მწყობრი, დაუღალავი ბრძოლა ხალხთან ერთად, იმისთვის, რომ ამ ქვეყანას სიკეთე მოვუტანოთ, დავიხსნათ ჩვენი პოლიტიკური პატიმრები და ისეთი სასამართლო დავამკვიდროთ ქვეყანაში, რომელიც აღარასდროს, არც ერთ პოლიტიკურ განაჩენს აღარ გამოიტანს",- განაცხადა ბოკუჩავამ.

ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს.  სხდომა საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. 

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

  • ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

  • მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები