ივანიშვილი ლევან ხაბეიშვილს გამბედაობისთვის და თავდადებისთვის - ანა წითლიძე
ამ განაჩენის არავის ეშინია! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ანი წითლიძემ საქალაქო სასამართლოს ეზოში, ლევან ხაბაიშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილი "გამბედაობის" გამო სჯის.
ლევანის საქმე ერთადერთ რაღაცას აჩვენებს: სასამართლოს, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ აქვს, პროკურატურას, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოწმეებიც კი ვერ მოიყვანა სასამართლო სხდომაზე, უბრალოდ, აი ასე, ივანიშვილკის დავალებით შეუძლია, აბსოლუტურად უსამართლოდ გაუშვას ადამიანი ციხეში. ამაში ახალი არაფერია, ეს არის ივანიშვილის სადამსჯელო მექანიზმი, ამით ის ცდილობს ლევან ხაბეიშვილი გამბედაობისთვის, ბრძოლისთვის, თავდადებისთვის დასაჯოს. იმისთვის სჯის, რომ ხაბეიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ანახა, სად გადის გამარჯვების გზა.
ამ განაჩენის არავის ეშინია! საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ჩვენ თავიდანვე ვიცოდით ყველა იმ წინააღმდეგობაზე, რასაც შევხვდებოდით. ეს განაჩენი გააძლიერებს თითოეულ ჩვენთაგანს"- თქვა მან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, საქმეზე განაჩენი დღეს, 21 მაისს გამოცხადდება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული და საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
- ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
- მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.