მზადება 26 მაისისთვის - "ოპოზიციური ალიანსი" საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

21.05.26 12:17
მზადება 26 მაისისთვის - "ოპოზიციური ალიანსი" საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

 

 

26 მაისს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოსახლეობას დღეს მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხვდებიან. 

"ოპოზიციური ალიანსის"წარმომადგენლები მოქალაქეებს პირადად უხსნიან, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქუჩაში, უწყვეტი პროტესტის მონაწილეებთან ერთად დგომა. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნების" ახალი ინიციატივის ფონზე, "ქუჩაში გამოსვლა და იმის დემონსტრირება, რომ არ გვეშინია და ბრძოლას ვაგრძელებთ, ძალიან მნიშვნელოვანია". 

მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი დავინახოთ და გავამხნევოთ, მნიშვნელოვანია, რომ ციხიდან პატიმრებმა დაგვინახონ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა დასავლეთში ასევე დაგვინახონ და ნახონ, რომ აქ ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. ამიტომ, რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიყოთ, მიუხედავად ნიჰილიზმისა, პესიმიზმისა, მიუხედავად ბრაზისა, მიუხედავად ყველაფრისა, ქუჩაში გამოცდას და ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი. 

500-ზე მეტი ადამიანია ნაწამები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის მაქსიმალურად შეზღუდული, ახლა სოციალურ ქსელში შემოდიან, რომ კომენტარების და სტატუსების წერაც გააკონტროლონ და აგვიკრძალონ და რაც არ მოეწონებათ იმის გამო დაგვსაჯონ, ამ მოცემულობაში თავისთავად ქუჩაში გამოსვლა და იმის დემონსტრირება, რომ არ გვეშინია და ბრძოლას ვაგრძელებთ, თავისთავად არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი," - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ საინფორმაციო კამპანიის დაწყებიდან მე-10 დღეს ხალხში განწყობა უფრო პოზიტიურია და მეტი მხარდაჭერა იგრძნობა. 

ვაგრძელებთ კამპანიას, დღეს რუსთაველზე ვართ, ახალგაზრდები არიან აქ ბევრნი, რომლებიც უნივერსიტეტისკენ მიდიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბროთ საზოგადოებას, მათი აზრი მოვისმინოთ, მაგრამ მთავარია, რომ 26-ში ყველა ერთად უნდა დავდგეთ. 19:00 საათზე იცით უნივერისტეტიდან დაიწყება მსვლელობა, შემდგომ მოვალთ რუსთაველზე, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები. რაც მთავარია, განწყობა ყოველ დღე უფრო პოზიტიურია ამ ჩვენ ინიციატივასთან მიმართებაში, თავიდან სკეპტიციზმი მეტი იყო, ახლა მეტია მხარდაჭერა. ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს წინ ვერაფერი დაუდგება და ჩვენი მიზანიც ეს არის," - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

ცნობისთვის, 26 მაისს, 19:00 საათზე მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. 

მსგავსი სიახლეები