დაიწყება თუ არა გამოძიებას სოცდაუცველთა სიებზე — რას პასუხობს „ოცნება“

25.05.26 13:33
დაიწყება თუ არა გამოძიებას სოცდაუცველთა სიებზე — რას პასუხობს „ოცნება“

რატომ გახდა საჭირო სოციალურად დაუცველთა სიების გადახედვა და იყო თუ არა ბაზები ხელოვნურად გაბერილი — ამ კითხვებით „პირველებმა“ დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართეს. ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ სიების გადამოწმება წლების განმავლობაში კოვიდპანდემიის გამო მოქმედი მორატორიუმის ფარგლებში იყო შეჩერებული.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ სოცდაუცველთა ბაზის გადამოწმება კანონით შეზღუდული იყო, ხოლო მორატორიუმის დასრულების შემდეგ პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

სოციალურად დაუცველთა სიის გადამოწმებაზე საკანონმდებლო მორატორიუმი იყო გამოცხადებული კოვიდპანდემიის შემდეგ, შესაბამისად, ამის გადამოწმება კანონმდებლობით იყო შეზღუდული, დამთავრდა ეს მორატიურიუმი და შესაბამისად... ანუ აქ ხდებოდა გადამოწმება და ტრადიციულად ამ სიაში ხალხი ემატებოდა და ხალხი აკლდებოდა გადამოწმების შემდეგ, - ამბობს ფინანსტა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი კი ირწმუნება, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში მოქალაქეების სიიდან ამოღება მიზანმიმართულად არ ხდებოდა, რადგან ეკონომიკური კრიზისის ფონზე სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა ჰქონდა. 

იყო კორონა, კორონას დროს არ შეიძლება, ხალხი ამოსვა სიებიდან. მას შემდეგ, რაც აღდგა ეკონომიკა, მას შემდეგ, რაც გაიხსნა, ანუ ჩვენ მივაღწიეთ და გადავასწარით, გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ლოგიკურია უკვე, რომ თუ ვინმეს გაეზარდა შემოსავლები და სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ უნდა იყვნენ, რატომ უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფო რესურსი ამ მიმართულებით, ახსნა არ აქვს. არა, სიების გაბერვაზე აქ საუბარი არ არის, აქ საუბარია იმაზე, რომ იყო მორატორიუმი, კორონოსგან აღდგა ეკონომიკა, - ამბობს კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

რაც შეეხება კითხვას, დაიწყებენ თუ არა შესაბამისი უწყებები მოკვლევას იმის დასადგენად, იყო თუ არა ბაზები ხელოვნურად გაზრდილი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ამბობს, რომ ამაზე რეაგირება საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ. 

შესაბამისმა ორგანოებმა, ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა განმარტება. სამართალდამცავი ორგანოები მიმართავენ, მოახდენენ რეაგირებას თუ საჭიროება არის. მე ვარ განათლების კომიტეტის თავმდჯომარე, - ამბობს მარიამ ლაშხი.  

სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის წესები იცვლება — საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, იმ ოჯახებს, რომელთა წევრების შემოსავალი განსაზღვრულ ზღვარს გადააჭარბებს, სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრაცია შეუწყდებათ.

შესაბამის დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.