რამდენიმე პოლიციელი ზღაპრებს ჰყვება - ზურა ჯაფარიძე
კოალიცია “ცვლილებების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სასამართლოში საკუთარ პროცესზე დასასაწრებად მივიდა.
როგორც მან სხდომის დაწყებამდე თქვა, იმ 45 ტომში, რომელიც საქმეზეა წარმოდგენლი დრემდე გაურკვეველია რა ხდება და საერთოდ, რომელი ტომი ვის მიემართება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ჯერჯერობით, სიტყვის თქმა დაგეგმილი არ აქვს და მაგას პროცესის განმავლობაში გადაწყვეტს.
იმ 45 ტომში დღემდე გაურკვეველია, საერთოდ რა ხდება, რომელი გვერდი, რომელი ტომი ვის მიემართება, ბევრჯერ მითქვამს, უბრალოდ ყველაფერი არის ერთად ჩაყრილი, ჯამში არც არაფერი არ არის, არსებობს მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის ჩვენება, რომლებიც ზღაპრებს ყვებიან, რომ დაინახეს, ჩვენ იქ ვიყავით, თითქოს, ვიღაცას რაღაცაზე მოვუწოდებით, ოღონდ რას, ესეც სისულელე. სიტყვით თუ გამოვალ წინასწარ არ ვიცი, მე წინასწარ მომზადებული სიტყვები არ ამქვს ხოლმე, ვნახავ, როგორ წარიმართება პროცესი და თუ რამის თქმა დამჭირდება ვიტყვი, - თქვა ჯაფარიძემ.
პოლიტიკური ლიდერების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება. რვა ბრალდებულიდან სხდომაზე ხუთი გამოცხადდა. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დღეს ადვოკატების მიმართვები უნდა მოისმინოს.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.