არ შეიძლება ასეთი ფაბრიკაციის საფუძველზე პროცესის წარმოება - ბადრი ჯაფარიძე
კითხვაზე- რა მტკიცებულებებია საქმეში ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, პროკურატურას პასუხი არ აქვს - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოს დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი პროცესი გამორჩეულია თავისი აბსურდულობით.
კითხვაზე- რა მტკიცებულებებია ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, პროკურატურას პასუხი არ აქვს. ესეთი მტკიცებულებები არ არსებობს, იმიტომ რომ ვერ იქნება. უსაფუძვლო ბრალდებაა და მტკიცებულებებიც არ არსებობს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის გასნაკუთრებული შემთხვევა, რომ საზოგადოდ ხელშესახები ისიც კი არ არსებობს, რომ ამ ბრალდების საფუძველი მოიძებნოს. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო დღევანდელმა მოქმედმა ხელისუფლებამ, რომ ეს პროცესი აწარმოოს, რომელიც ძალიან აზიანებს ჩვენ ქვეყანას. არ შეიძლება ასეთი ფაბრიკაციის საფუძველზე პროცესის წარმოება მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერები იყვნენ წეზოლის ქვეშ, იმიტომ რომ ეს არ ქმნის არანაირ ზეწოლას, ეს აზიანებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს, შესაბამისად, ძირს უთხრის ჩვენ ქვეყანას, თუ რამე არის ქვეყნის მიმართ საბოტაჟი, არის ასეთი პროცესი, რომელიც პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარეობს, - თქვა მან.
ჯაფარიძის თქმით, სხდომების დახურვა აწყობს იმ მხარეს, რომელმაც პროცესების ორგანიზება გააკეთა, რადგან გამორჩეული პროცესია თავისი აბსურდულობით.
პოლიტიკური ლიდერების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება. რვა ბრალდებულიდან სხდომაზე ხუთი გამოცხადდა. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დღეს ადვოკატების მიმართვები უნდა მოისმინოს.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.