მინისტრის მოადგილე: გადამოწმებული ოჯახების ნახევარს სოც. დახმარება შეუწყდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირინა წაქაძის თქმით, სოციალურად დაუცველებს მომავალი წლიდან ახალი მეთოდოლოგიით გადაამოწმებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირინა წაქაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გადაამოწმეს 32 000 ოჯახი, მათგან ნახევარს "ან ოდნავ უფრო ნაკლებს" საარსებო შემწეობა შეუწყდათ.
ყველა პარამეტრი გვიჩვენებს, რომ ამ ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა, საბედნიეროდ, დაძლია სიღარიბე. ნაწილმა დაძლია სიღარიბე და ამ წუთას ისინი აღარ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაზე დაყრდნობითაც თავდაპირველად მოხვდნენ ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა," - განაცხადა ირინა წაქაძემ და დაამატა, რომ გადამოწმების პროცესი 20 თებერვლიდან დაიწყო. [შიფრი: "რადიო თავისუფლება"]
მინისტრის მოადგილის თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 158 ათასი ოჯახი იყო, ჯამში 700 ათასი ადამიანი.
ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ოჯახის თითოეულ წევრს აქვს ყოველთვიურად შემოსავალი 1250 ლარზე მეტი, მაგალითად, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური აგენტი რომ მისულიყო და სრულყოფილ გადამოწმებას დაქვემდებარებულიყო ოჯახი, ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა ისედაც შეუწყდებოდა," - ამბობს მინისტრის მოადგილე. [შიფრი: "რადიო თავისუფლება"]
მისივე თქმით, თუკი ოჯახები არ დაეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას, გასაჩივრების უფლება აქვთ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 7 მაისის დადგენილებით, სოციალურ დახმარებას აღარ მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია.