სიღარიბის მაჩვენებლები - ივანიშვილის გუნდს რიცხვებით მანიპულაციაში ადანაშაულებენ
რას გულისხმობს ირაკლი კობახიძე სიღარიბის დაძლევაში?! - საქსტატის ახალი მონაცემებით საქართველოში აბსოლუტური სიღარიბე 7.1 პროცენტამდე შემცირდა. რა არის აბსოლუტური სიღარიბე? - როდესაც ადამიანს მინიმალური რესურსი აქვს არსებობისთვის. საქართველოში საარსებო მინიმუმი საშუალოდ 250 ლარია. ანუ ვისაც თვეში არსებობისთვის 250 ლარი აქვს - ის ღარიბი აღარ არის - ეს არის "ქართული ოცნების" ლოგიკა.
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელს იყენებენ განვითარებად ქვეყნებში, უკიდურესი სიღარიბის შესაფასებლად, შიმშილის და საბაზისო საჭიროებების დასანახად. მაგალითად, სომალში, სადაც შიმშილით სიკვდილიანობის შემცირება სურთ. მაგრამ აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკურ მონაცემს არ იყენებენ ევროპაში, დასავლური სამყარო ფარდობითი სიღარიბით განსაზღვრავს მოქალაქის სოციალურ მდგომარეობას. შეიძლება გქონდეს საჭმლის ფული, მაგრამ იყო ღარიბი.
ფარდობითი სიღარიბე 2025 წელს 17.3 პროცენტი იყო, ესეც საქსტატის მონაცემებია. გამოდის, რომ თუ ცივილიზებული სამყაროს მიდგომას გამოვიყენებთ სიღარიბის დასათვლელად, ლამის ყოველი მეხუთე ადამიანი ისევ სიღარიბეში გვყავს.
მოქალაქეების მდგომარეობის სანახავად საკმარისია იმის ნახვაც, რა აწუხებთ მათ - უმუშევრობა, მაღალი ფასები, სიღარიბე, დაბალი ხელფასები და ემიგრაცია. პასუხიც ეს არის ირაკლი კობახიძისთვის - ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ რიცხვებით მანიპულაციაში გამოსავალი არ არის. საარსებო მინიმუმზე, ანუ 250 ლარზე სიღარიბის მაჩვენებლის დაყრდნობა კი სწორედ ასეთი ნაბიჯია.