შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან - რას ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები

25.05.26 20:42
შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან - რას ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოში დიდი ინტერესები აქვს, თუმცა აღნიშნული ინტერესების განხორციელება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდება. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, შეერთებული შტატებისთვის ანაკლიის პორტი და შუა დერეფანი უკიდურესად მნშვნელოვანია. 

აშშ-ს აქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური მშვიდობა და სტაბილურობა, შესაბამისად ჩვენი და შეერთებული შტატების ინტერესები არის თანხვედრაში, რადგან ჩვენც ვიბრძვით პოლიტიკური სტაბილურობისთვის და პოლიტიკური მშვიდობისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს პროცესის დაბრუნებას იმ კონსტიტუციურ ჩარჩოში, რომელშიც პროცესი იყო და რომლიდანაც პროცესი გაიყვანა "ქართული ოცნების" ანტი-კონსტიტუციურმა რეჟიმმა.

მე ვერ გავაკეთებ კომენტარს აშშ-ის სახელით იმაზე, თუ "ქართულ ოცნებასთან" რა ტიპის საუბარი მიმდინარეობს და რა ფაზაშია ეს საუბარი. 

მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ანაკლიის პორტი და შუა დერეფანი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის," - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო უდიდეს ეკონომიკურ შესაძლებლობას ამ ეტაპზე კარგავს, რადგან "ივანიშვილი მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი და არა ეროვნული ინტერესით". 

ბოლო პერიოდში უკვე მესამე, საკმაოდ მაღალი დონის ვიზიტია აშშ-დან საქართველოში. რატომ? - ეს განპირობებულია ამერიკის ეროვნული სტრატეგიული ინტერესებით და საუბარი იყო ამ რეგიონულ პროექტებზე. მაგრამ ამავდროულად ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენა და ამ შესაძლებლობაზე წვდომა, რასაც ტრამპის მარშრუტის რეგიონული პროექტების განხორციელება ჰქვია, ვერ მოხდება ისე, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდეს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაზეც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დგას. 

სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილი მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი და არა ეროვნული ინტერესით, საქართველო ამ უდიდეს ეკონომიკურ შესაძლებლობას ამ ეტაპზე კარგავს," - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

პარტია "თავისუფლების მოედნის" ლიდერი, ლევან ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ აშშ-ის ინტერესების განხორციელებას საქართველოში სტაბილური, დემოკრატიული და სამართლიანი გარემო სჭირდება. 

შეერთებულ შტატებს აქვს მნიშვნელოვანი ინტერესი ჩვენ რეგიონში და ეს არის გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, ეკონომიკური ინტერესები. ამ რეგიონულ ინტერესებს სჭირდება ასევე საქართველო. ამ ინტერესების განხორციელებას სჭირდება სტაბილური, დემოკრატიული და სამართლიანი გარემო იმიტომ, რომ ეს ინტერესები ვერ განხორციელდება სხვაგვარად. ამიტომ, ამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამართლიანობა," - აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ. 

ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები საქართველოს პარლამენტში შეხვდნენ  პარტია “გახარია საქართველოსთვის”წევრებს გიორგი შარაშიძეს და პოლიტიკური საბჭოს წევრ ანა ბუჩუკურს. 

როგორ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, პარტიის მიერ ინიციირებულ რეზოლუციაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე რეაგირების შესახებ, რაზეც „სამწუხაროდ, "ოცნებას" აქამდე ხმა არ ამოუღია“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციაში შედიან: 

  • პიტერ ანდრეოლი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი;
  • ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატი.