"საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს" - ირაკლი კობახიძე

26.05.26 12:27
"საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს" - ირაკლი კობახიძე

"საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს" - ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს. 

ირაკლი კობახიძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ 35 წელი გავიდა დამოუკიდებლობის აღდგენიდან და "ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას".

35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ, ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას. დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს აღთქმულ მიწამდე - ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველომდე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ და ერთიან საქართველოს, ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედაეკლესია და ჩვენი სამშობლო," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

[ფოტო: "პუბლიკა"]