ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვეყუდნოდეთ სხვას და არა საკუთარ თავს... ეს არ გამოვა - პაპუაშვილი

26.05.26 13:14
ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვეყუდნოდეთ სხვას და არა საკუთარ თავს... ეს არ გამოვა - პაპუაშვილი

ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვეყუდნოდეთ სხვას და არა საკუთარ თავს, ეს არ გამოვა - ამის შესახებ  შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი.

35 წელია, ერი და ბერი, ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას - განაცხადა პაპუაშვილმა 

ეს თარიღი გვახსენებს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია 17 საუკუნის განმავლობაში ერთად ქმნიდნენ იმ სულიერ და ეროვნულ საფუძველს, რომელმაც ურთულეს ეპოქებში გადაგვარჩინა.

გადაგვარჩინა ჩვენმა თვითშეგნებამ და სამმა უმთავრესმა საუნჯემ - ქვეყნის სიყვარულმა, ტრადიციების ერთგულებამ და რწმენის სიმტკიცემ, რომელთა მთავარი შემქმნელი და შემნახველია ორი ინსტიტუცია - ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია. მათი განცალკევება შეუძლებელია. მათი ისტორია ცალ-ცალკე ვერ მოითხრობა. ეს არის იმ ერთი სხეულის ორი საყრდენი, რომელსაც საქართველო ჰქვია.

ორი საუკუნის წინ ჩვენ ეს ორივე საყრდენი გამოგვაცალეს, ოქროს ჯაჭვი გამოგვაბეს და ჩვენი რწმენისგან დაცლა განიზრახეს. მას შემდეგ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგებია.

35 წელია, ერი და ბერი, ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ.

ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო; ვეყუდნოდეთ სხვას და არა საკუთარ თავს. ეს არ გამოვა. ქართველი ხალხის ნება მტკიცეა. ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლა ეკუთვნის ავტოკეფალიურ ეკლესიას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ესაა საქართველოს თავისუფლების ფორმულა.

ჯარისკაცებო, სწორედ ამიტომ, დღეს, თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით, პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა - ჩვენს წმინდა პატრიარქებს და წმინდა მეფეებს, ღვთისკაცებს და ერისკაცებს, სახელოვნებსა და უსახელოებს, მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე, შრომა და რწმენა სამშობლოს მიუძღვნეს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.