ნინო ლომჯარია წულუკიანის განცხადებაზე: "ოცნებას" ადარდებს, რომ ასეთი ფაქტების მზის სინათლეზე გამოტანა ხდება
"საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, სადაც წულუკიანმა გორში მომხდარი ამბის შემდეგ პოლიციელებს მიმართა და სთხოვა "ნუ მისცემენ მტრებს სალაპარაკოს".
ნინო ლომჯარიას თქმით, "ქართულ ოცნებას" არ ადარდებს, რა განიცადა პოლიციელების მიერ ნაცემმა კაცმა, ან რა ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაშია, მათ მხოლოდ ის ადარდებთ, რომ "ასეთი ფაქტების მზის სინათლეზე გამოტანა ხდება".
მისივე თქმით, თეა წულუკიანს ის რომ აწუხებდეს, თუ რატომ ხდება ასეთი ფაქტები, "შეწუხებული ასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზეც".
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ადარდებთ არა ის, თუ რა განიცადა ამ ადამიანმა, ან რას გადის დღეს, რა ფიზიკურ, თუ ემოციურ მდგომარეობაშია, არამედ მათ აწუხებთ ის, რომ ასეთი ფაქტების მზის სინათლეზე გამოტანა ხდება. რეალურად ეს იყო მოწოდება იმისკენ, რომ ფრთხილად იყავით, არ გასაჯაროვდეს მსგავსი ფაქტები. რაც, კიდევ ერთხელ, იყო იმაზე გამოთქმული უკმაყოფილება, თუ რატომ მოხდა საჯაროდ ეს ფაქტი და არა ის, თუ რატომ ხდება საერთოდ ეს ფაქტები იმიტომ, რომ ქალბატონ წულუკიანს, რომ ეს აწუხებდეს, ის იქნებოდა შეწუხებული ასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რაც ყველა შეიძლება არ არის გადაღებული მედიის მიერ, მაგრამ ყველა შემთხვევაში არსებობს დოკუმენტირებული დაზიანებები სხეულის და ეს არის ძალიან მძიმე დაზიანებები. არსებობს მოწმეთა ჩვენებები," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.
პატიმრობას დაკავებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა. ხოლო ადვოკატებმა პოლიციელების გათავისუფლების შუამდგომლობები დააყენეს:
- „ასეთ ასაკში პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არაა“ - ძალადობაში მხილებული 19 წლის პოლიციელის ადვოკატი
- ძალადობაში მხილებული პოლიციელი, ვანო მისირელი ჩადენილს ნანობს და პატიებას ითხოვს
დღეს ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს - არც ერთი მათგანი სხდომას არ დასწრებია.