“ოცნებას“ აშშ-თან ურთიერთობის განახლება თავისი პირობებით უნდა, რაც მიამიტი და შეუძლებელია - ნოდარ ხარშილაძე
“ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა ვაშინგტონის მონდომებაზე იქნება დამოკიდებული.
ივანიშვილის პარტიაში ისევ გაიმეორეს, რომ “გადატვირთვის პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, რომელსაც უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია“
ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენის არც რესურსი და არც სურვილი ივანიშვილის პარტიას არ დარჩა და იმ განცხადებებით, რაც მათი მხრიდან კეთდება, პარტნიორებს შორის ურთიერთობები არ განახლდება.
მათ ამერიკასთან ურთიერთობის განახლება უნდათ თავისი პირობებით, რაც არის მიამიტი და შეუძლებელი. შენ თუ მაინც და მაინც საუდის არაბეთი არ ხარ, რომელასც უზარმაზარი ნავთობის და ენერგორესურსების პოტენციალი აქვს და ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი მოკავშირება ამერიკის, ირანთან მიმართებაში, მაშინ შენ პირობებზე ამერიკასთან დალაგება ძალიან რთულია. პოლიტიკა არის რეალიზმი, არ შეიძლება იყოს ილუზიებზე აგებული, თუმცა, როგორც საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა, ისე მისი აღსრულება, არის დაყვანილი ძალიან პრიმიტიულ დონეზე საქართველოში და შეგვიძლია თამამდ ვთქვათ, რომ საგარეო პოლიტიკა არ გვაქვს. გვაქვს ერთი ადამიანის განცხადებები, რომლებსაც მიჰყვება ყველა და ეს არის საფუძვლიანად არასწორი, - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განხადებით, იმედოვნებენ, რომ იხილავენ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება. მარკო რუბიოს განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ მხარეს ჰკითხა, თუ რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის, რაზეც აშშ-სგან პასუხი მიიღეს. რუბიო იმედოვნებს, რომ საქართველოსგან ქცევის შეცვლასაც იხილავენ.