ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება - ბარიერი შტატებთან ურთიერთობის განახლებისთვის? - რა პასუხი აქვს კობახიძეს

10.06.26 16:01
ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება - ბარიერი შტატებთან ურთიერთობის განახლებისთვის? - რა პასუხი აქვს კობახიძეს

 

 

რატომ არ დაუჭირა ჩინეთმა მხარი გაეროში საქართველოს დეოკუპაციის რეზოლუციას? - ეს კითხვა "პირველებმა" ირაკლი კობახიძეს მას შემდეგ დაუსვა, რაც "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ჩინეთს საგანგებო ბრიფინგზე "სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითი" უწოდა.

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის.

კობახიძის მტკიცებით, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი გმობს ოკუპაციას.

ამ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის, ჩინეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეს არის ურყევი მხარდაჭერა და ჩვენ ამას ვგრძნობთ, არამარტო ვგრძნობთ, არამედ საქმითაც ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ანალოგიურად ისრაელი ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას.

სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გმობს ოკუპაციას, იგივეა ისრაელის შემთხვევაშიც. ანალოგიურად არის მაგალითად, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ისრაელი, რომელმაც ასევე არ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას, მაგრამ ისრაელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას.

ამის შემდეგ "პირველების" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს ჰკითხა - ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება ხელს შეუშლის თუ არა შტატებთან ურთიერთობის განახლებას თუ პირიქით? 

კობახიძე იმ ფონზე, როცა ამერიკის კონგრესმა საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა, ირწმუნება, რომ ჩინეთთან კავშირები შტატებთან ურთიერთობის გაღრმავებას ხელს არ შეუძლის. 

მე პირველ რიგში გთხოვდით, რომ არ გააგებინოთ ჯო უილსონს ამ ბრიფინგის შესახებ და ასევე არ გააგებინოთ იმის შესახებ, რომ ცოტა ხნის მისი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში იყო ოფიციალური ვიზიტით. ეს რომ გაიგოს, მემგონი ნამდვილად ინერვიულებს. ასაკიც ისეთ აქვს, რომ არ შეიძლება მისი ნერვიულობა, ჯო უილსონი ერთია, მაგრამ როდესაც ამერიკის ადმინისტრაცია თავადაც მაქსიმალურად ცდილობს ურთიერთობის გაღმავებას, სხვას ვერ გააკრიტიკებს ჩიენთთან ურთიერთობის გაღმავების გამო. ეს ხომ ალოგიკური მოვლენა იქნებოდა? როგორ შეიძლება ხელი შეუშალოს (შტატებთან ურთიერთობის განახლებას), როდესაც ჩვენ და შტატები ერთდროულად ვცდილობთ ურთიერთობები გავაღმავოთ ჩიენთთან?

ირაკლი კობახიძეს "პირველების" ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ რას გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატები, როცა საუბრობს "საქართველოში გარე ძალების მიმართ მდგრადობაზე?"

"ძალიან მდგრადები ვართ ჩვენ, ჩვენზე მდგრადი ძალა იშვიათია ჩვენი სიმცირის გათვალისწინებით" - ამბობს კობახიძე. 

(ჟურნალისტი - რაზე საუბრობს მაშინ შტატები საქართველოში გარე ძალების მიმართ მდგრადობაზე?) არის უამრავი გამოწვევ ჩვენს წინაშე, მაგალითად ევროკავშირის მიმართ ძალიან მდგრადი ვართ. (ამერიკელების) ჩემთან შეხვედრაზე ჩინეთზე არ იყო საუბარი, ეს შემიძლია გითხრათ. ჩემთან შეხვედრაზე არცერთი ვქეყანა, გარდა საქართველოსი და შტატებისა არცერთი არ ყოფილა ნახსენები"- ამბობს კობახიძე. 

ინფორმაცია, რომ ჩინეთთან საქართველო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადის, ირაკლი კობახიძემ გუშინ 9 ივნისს განაცხადა.  

  •  საქართველომ სამი წლის წინ, 2023 წელს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაც გააფორმა.

შეთანხმებიდან ერთი დღით ადრე, 8 ივნისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას ავალებს, დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.