ბოჭორიშვილი: ეს არ არის ბოლო შეხვედრა - ევროკავშირისგან ქართული მხარის ლეგიტიმური პირობების გათვალისწინებას მოველით

12.06.26 12:15
ბოჭორიშვილი: ეს არ არის ბოლო შეხვედრა - ევროკავშირისგან ქართული მხარის ლეგიტიმური პირობების გათვალისწინებას მოველით

მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ გუშინ ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ წარადგინა პოზიციები იმ "წუხილებსა და რეკომენდაციებზე", რაც ევროკავშირს საქართველოს მიმართ აქვს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს არ არის საქართველოსა და ევროკავშირის შორის ბოლო შეხვედრა.

როგორც ბოჭორიშვილმა მედიასთან განაცხადა, "ოცნება" ევროკავშირისგან ქართული მხარის "ლეგიტიმური პირობების გათვალისწინებას მოელის" 

შეხვედრა გაიმართა სავიზო დიალოგის ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეგულაციით, შეეხებოდა სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ შეჩერების საკითხებს. ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, წარადგინა პოზიციები, რაც შეეხება იმ წუხილებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან, იმ რეკომენდაციებს, რაც ასევე დაფიქსირებული იყო მათი მხრიდან. ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა. ჩვენი მხრიდან, მთავარი მიზანი იყო ევროპულ მხარეს ამ დონეზე მიწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს არ არის ბოლო შეხვედრა და მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითავლისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს, სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს. არანიარ მომავალ ნაბიჯებზე არ ყოფილა საუბარი, ეს იყო პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც, გაიცვალა ინფორმაცია, უფრო მეტად ქართული მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ აქამდე ვიხილეთ ევროკავშირის მიერ დაფიქსირებულ ანგარიშებსა თუ რეგულაციებში, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის არის ცნობილი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

11 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ "რადიო თავისუფლების" ევროპის საკითხებს რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს ევროკავშირში მაღალი რანგის თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი „საკმაოდ უშედეგო“ აღმოჩნდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. 

წყაროს თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.

ასევე ნახეთ: