ყაველაშვილი და კალაძე არ პასუხობენ კითხვას, რატომ გათავისუფლდა პატიმრობიდან მოძალადე პოლიციელი
მიხეილ ყაველაშვილი არ პასუხობს კითხვას, რატომ გათავისუფლდა პატიმრობიდან პოლიციელი, რომელმაც არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. საუბარია შაბათის ეთერის რეპორტაჟზე, საიდანაც ირკვევა, რომ ლუკა ხურცილავა ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კითხვით "პირველებმა" ყაველაშვილს მაშინ მიმართა, როცა ის სტუდენტურ გარბენში იღებდა მონაწილეობას, თუმცა ყაველაშვილმა პასუხს თავი აარიდა.
კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გაგვცა არც კახა კალაძემ
შეგახსენებთ, რომ საქმე 2026 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს ეხება, როდესაც, გამოძიების ვერსიით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა 16 წლის მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა განახორციელა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანს აიძულებდნენ ეღიარებინა ნარკოტიკებთან კავშირი, უარის შემთხვევაში კი თითების დამტვრევითა და პატიმრობაში მყოფი მამის მიმართ ძალადობით ემუქრებოდნენ. ფაქტის ამსახველი ჩანაწერი მოზარდმა ფარულად გადაიღო.
საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ პოლიციელი ლუკა ხურცილავა 2026 წლის 13 თებერვალს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურის ცნობით, დაზარალებული მხარის ოჯახმა უწყებაში ნოტარიულად დამოწმებული განცხადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც ხურცილავასთან პრეტენზია აღარ აქვს.