ოპოზიცია პოლიციის ძალადობის კადრებზე: "სისტემური დანაშაულის მორიგი დასტური"

14.06.26 15:36
ოპოზიცია პოლიციის ძალადობის კადრებზე: "სისტემური დანაშაულის მორიგი დასტური"

 

 

პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეების მიმართ სავარაუდო ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საქმე ერთეულ შემთხვევას არ ეხება. მათი შეფასებით, წლების განმავლობაში დაგროვილი საჩივრები, საჯაროდ ცნობილი ფაქტები და ახლად გავრცელებული მასალები სისტემური ძალადობისა და დაუსჯელობის პრობლემაზე მიუთითებს. 

"ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ არსებული ფაქტების ფონზე პოლიციის ძალადობის შემთხვევების ერთეულ ინციდენტებად წარმოჩენა შეუძლებელია და ბოლო წლებში არაერთი მსგავსი საქმე გასაჯაროვდა.

როდესაც ორ თვეში ორი სისტემური ძალადობის ფაქტი გვაქვს, როდესაც ვიცით, რომ 350-ზე მეტი ადამიანის საჩივარი არსებობს, ვინც ამბობს, რომ ერთი და იგივე წამების გზა გაიარა აქციებზე, როდესაც ჩვენ გვაქვს შემთხვევების მთელი კასკადი, მინიმუმ, ათეული, რომელიც გასაჯაროვდა, როდესაც ჩვენ გვაქვს ბავშვის მონაყოლი და გადაღებული ვიდეოები, რომელსაც ჩაგრავენ და მამის გაუპატიურები ემურებიან, ჩვენ გვაქვს გორის მოვლენა, ახლა გვაქვს ეს კადრები, ერთეული როგორ არის?, - ამბობს დათუნაშვილი.  

ენმ-ს წარმომადგენლის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ პირებს ეკისრებათ, ვისი ქმედებებიც საჯარო სივრცეში ხვდება, რაც, მისი თქმით, კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმების არარსებობაზე ან მათ არაეფექტიან მუშაობაზე მიუთითებს. 

მხოლოდ ის ისჯება, ვისი ვიდეოც ზედაპირზე ამოვა, გამომჟღავნდება და ამიტომაც არის ხოლმე ის მოწოდება მათ შორის "ოცნების" პოლიტიკოსების მიერ, რომ "ისე ქენით, რომ სხვამ არ დაგინახოთ". ის, რომ 4 წლის მანძილზე არავინ შეხებია ამ ადამიანებს, ეს კარგად მიუთითებს პოლიციის განყოფილებაში შეიძლება ასეთი რამ მოხდეს და არანაირი მონიტორინგის, კონტროლის მექანიზმი, როგორც მინიმუმ, არ არსებობს ან პირიქით, მიღებულია, - ამბობს ფავლენიშვილი. 

მოძრაობა "ჯერ საქართველოს" ლიდერი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები სახელმწიფო ინსტიტუტების კრიმინალიზაციის ნიშნებს შეიცავს და აჩენს კითხვებს სამართალდამცავი სისტემის ფუნქციონირების შესახებ. 

ეს ფაქტი მანიშნებელია სისტემურობაზე და რამდენ ასეთ სისტემურ დარღვევაზე ჩვენ კიდევ არ გვაქვს სრულად ინფორმაცია. ერთი რამ შემიძლია, მოკლედ გითხრათ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე: როდესაც ხდება იმ სტრუქტურების კრიმინალიზაცია, რომლებიც, წესით, უნდა იდგნენ კანონიერების, სამართლიანობის სადარაჯოზე, იქ უკვე სახელმწიფოზე და სახელმწიფოებრივობაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია, - ამბობს ვიქტორ ჯაფარიძე.  

გახარიას გუნდის წევრის, სოფო ხორგუანის თქმით, ის ფაქტი, რომ ძალადობის ამსახველი კადრები თავად სამართალდამცავების მიერ იყო გადაღებული, მიუთითებს დაუსჯელობის განცდაზე და პრობლემის სისტემურ ხასიათზე. 

აზრადაც არ მოუვიდოდა ვინმეს, რომ საკუთარი დანაშაული ფირზე აღებეჭდა. ამას არ გააკეთებდა. მათ რომ ჰქონდეთ ის აღქმა, რომ დანაშაულს სჩადიან, რომ ამის გამო მათ პასუხი მოეთხოვებათ, ამას არ გააკეთებდნენ და ეს ადასტურებს, რომ არის სისტემური, სისტემა არის აწყიბილი ასეთ დამოკიდებულებაზე, - ამბობს სოფო ხორგუანი. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავ უწყებებს არაერთი შესაძლო მტკიცებულება უკვე აქვთ, თუმცა რეაგირება, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევებზე ხდება, რომლებიც მედიის საშუალებით საჯარო ხდება. 

ასევე ვიცით, რომ როდესაც ნოემბერ-დეკემბერში მინივენებში სცემდნენ ახალგაზრდებს, პროტესტის მონაწილეებს, ის ჩანაწერებიც არსებობს, რომელიც აქვს "ოცნების" წარმომადგენლებს. მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს გამოიძიონ, არ სჭირდებათ მედია, უბრალოდ იმას იძებენ, რაც მედიაში ხვდება, რაც საჯაროდ გამოდის, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.  

TV პირველის „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებმა მოიპოვეს ვიდეომასალები, რომლებშიც, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეების მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. რეპორტაჟის თანახმად, კადრები თავად სამართალდამცველების მიერ იყო გადაღებული და შიდა ჩატებში ვრცელდებოდა. ამ ეტაპზე მოპოვებულია ხუთი ვიდეო, სადაც მინიმუმ სამი სავარაუდო დაზარალებული ფიგურირებს.

მასალები გამომძიებელ ჟურნალისტებს გიორგი კვიცარაძის ოჯახმა გადასცა. ოჯახის მტკიცებით, კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერების ჩატიდან ათეულობით ვიდეოფაილი ჩამოტვირთა, რის შემდეგაც დააკავეს. დედა შვილის დაკავების მიზეზად სწორედ აღნიშნული მასალების გავრცელებას ასახელებს. ერთ-ერთ ვიდეოში, გავრცელებული ინფორმაციით, ჩანს ფიზიკური ძალადობისა და იძულების ფაქტი. ასევე შესაძლებელია სავარაუდო მონაწილე პოლიციელების ამოცნობა ხმებითა და გამოსახულებით.

 

მსგავსი სიახლეები