დრო მოვიდა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების, ეროვნული გაერთიანების დროა! - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეების მიმართ სავარაუდო ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ავტორიტარული რეჟიმების დასუსტების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იმ საყრდენების რღვევაა, რომლებზეც ისინი ძალადობისა და კორუფციის მეშვეობით დგანან.
მისი შეფასებით, როდესაც ხელისუფლება საკუთარ ძალოვან სტრუქტურებსა და ერთგულ კადრებს ხელშეუხებლობის გარანტიას ვეღარ აძლევს, რეჟიმის შიგნით უნდობლობა და შიში ჩნდება, რაც საბოლოოდ მის დასასრულს აახლოებს.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში „ეროვნული გაერთიანების დროა“ და რეჟიმის წინააღმდეგ ფართო ფრონტის ჩამოყალიბებას მოუწოდებს.
ავტორიტარული რეჟიმის მთავარი მახასიათებელი ნიშანია სისტემური ძალადობის დაშვება, წახალისება და მასზე დაყრდნობა.
ასევე ავტორიტარული რეჟიმი კორუფციით სულდგმულობს. კორუფციაც მის მიერვეა დაშვებული და წახალისებული. იგი ამ რეჟიმის საზრდოს წარმოადგენს.
რეჟიმი თავის დასასრულს უახლოვდება, როცა ამ ორ, მისი სხეულის განუყოფელ ნაწილს დაცულობისა და ხელშეუხლელობის გარანტიას არ თუ ვეღარ აძლევს.
ეს დაემართა ნაციონალურ მოძრაობას … გავიხსენოთ ციხის კადრების გამჟღავნების შემდეგ ნათქვამი სიტყვა, როცა მიშა ვერ უარყოფდა მომხდარს და ვერ ამართლებდა.
ამის შემდეგ რეჟიმის მიმართ ნდობა მის ყველაზე ლოიალურ წრეებშიც იკარგება და ყველა საკუთარ გადარჩენაზე იწყებს ფიქრს.
ასეთივე იმედგაცრუება გავრცელდა რეჟიმის კორუმპირებული თანამდებობის პირთა წრეში. ყველა, ვისაც სწამდა, რომ ბრმა ერთგულების ნაცვლად, მწვანე ჰქონდა მიღებული, ყველანაირი გარიგება კორუფციული სქემის ჩასატარებლად, უცებ ხვდება, რომ ამავე რეჟიმს შეუძლია თვალის დაუხამხამებლად მისი გაწირვა.. . და გაოცებული თუ შეშინებული უყურებს რეჟიმი როგორ ასამართლებს თუ სწირავს მის ყველაზე სანდო “შვილებს” - ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ბურჭულაძეს…..
ის, რაც ოცნების პოლიტიკურმა და ბიზნესის წრეებმა აღმოაჩინეს ბოლო პერიოდში, დღეს უკვე ძალოვანებზეც ვრცელდება. იმის მიუხედავად, რომ ჯერ ძალადობისთვის სამართალდამცველების დასჯა ზედაპირული რჩება (ორ თვიანი და გამოშვება), მათთვის საგანგაშო ნიშანია, როცა რეჟიმი არ უარყოფს მომხდარს, საჯაროდ არ იცავს მათ და საკუთარი გადარჩენისთვის მსხვერპლის გაწირვისთვის მზად არის.
ამ ყველაფრიდან ორი მთავარი დასკვნაა:
- რეჟიმის საყრდენენის მორყევა
- შიშის ოცნების რიგებში გადანაცვლება.
იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზედა სფეროში სუფევს სრული უნდობლობა და დარღვეულია გუნდურობა, ეს ყველაფერი მიანიშნებს რეჟიმის ჩქარი დასასრულისკენ სვლაზე!
ამიტომ დროც იწურება, დრო მოვიდა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების, რომელიც ამგვარ რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზაა.
ყველა ერთის წინაამდეგ!
და ეს ყველა ყველას ნიშნავს ვინც ამ ქვეყნის მომავალზე დავგადარჩენაზე ფიქრობს !
ეს გარდაუვალი ბრძოლა ვეღარ დაელოდება პოლიტიკურ პარტიების მიუღწევად გაერთიანებას.
ეროვნული გაერთიანების დროა!, - წერს ზურაბიშვილი.
TV პირველის „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებმა მოიპოვეს ვიდეომასალები, რომლებშიც, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეების მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. რეპორტაჟის თანახმად, კადრები თავად სამართალდამცველების მიერ იყო გადაღებული და შიდა ჩატებში ვრცელდებოდა. ამ ეტაპზე მოპოვებულია ხუთი ვიდეო, სადაც მინიმუმ სამი სავარაუდო დაზარალებული ფიგურირებს.
მასალები გამომძიებელ ჟურნალისტებს გიორგი კვიცარაძის ოჯახმა გადასცა. ოჯახის მტკიცებით, კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერების ჩატიდან ათეულობით ვიდეოფაილი ჩამოტვირთა, რის შემდეგაც დააკავეს. დედა შვილის დაკავების მიზეზად სწორედ აღნიშნული მასალების გავრცელებას ასახელებს. ერთ-ერთ ვიდეოში, გავრცელებული ინფორმაციით, ჩანს ფიზიკური ძალადობისა და იძულების ფაქტი. ასევე შესაძლებელია სავარაუდო მონაწილე პოლიციელების ამოცნობა ხმებითა და გამოსახულებით.