"ქართული ოცნება” აგრძელებს სოციალური დახმარების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას - დათუნაშვილი
"ქართული ოცნება" სოციალური დახმარების სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ბიუჯეტის ხარჯზე პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2026 წლის იანვრიდან მაისამდე საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 105 ათასით შემცირდა, რაც "ოცნების" ხელისუფლებისგან განმარტებებსა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
დათუნაშვილი ასევე აკრიტიკებს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას და აცხადებს, რომ ასობით მილიონი ლარი უშედეგოდ დაიხარჯა.
"ქართული ოცნება” აგრძელებს სოციალური დახმარების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და სოციალური დახმარების სისტემას მთლიანად პოლიტიკური დღის წესრიგის სამსახურში აყენებს.
2026 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 605,033 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომელიც იღებს სახელმწიფო შემწეობას. მიმდინარე წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 105 ათასი ადამიანით შემცირდა. ხელისუფლება მათი რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებაზე საუბრობს.
რამდენიმე კვირის წინ ირაკლი კობახიძემ თავად აღიარა, რომ 2022 წლიდან დღემდე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე 376 მილიონი ლარი დაიხარჯა და 30 ათასი ეგრეთ წოდებული სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს ნიშნავს, რომ ასობით მილიონი ლარი გაიფლანგა ისე, რომ სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით შედეგი არ მიგვიღია.
ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინსტრუმენტად კი არა, არამედ პარტიულ რესურსად განიხილავს. ძალიან მძიმე აღსაქმელია და მარტივი პოლიტიკური პასუხი სჭირდება ამ ყველაფერს - სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობის შემცირება ასი ათასით ასეთ მოკლე დროში ნიშნავს რამდენიმე რამეს: ერთი, ეს ადამიანები ხელოვნურად იყვნენ დამატებულები და ხელოვნურად იღებდნენ დახმარებას პოლიტიკური ნიშნით თუ სხვა მიზნით, კორუფციული თუ ა.შ. ასობით მილიონი ლარი იფლანგებოდა ამაში, ან ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და სახელმწიფოს შემწეობაზე არიან დამოკიდებულები, შეამცირა ასი ათასით და საქართველოს ასი ათასი მოქალაქე უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო ისე, რომ სახელმწიფო მათ არ ეხმარება.
პირველ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. პირველ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომ ასი ათასი ადამიანი ტყუილად იყო ჩაწერილი საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებული სოციალური დახმარების პროგრამაში. მეორე შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა საქართველოს იმ ასი ათასი მოქალაქისადმი, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს დახმარება, მაგრამ სახელმწიფო არ ეხმარება. ამას ემატება ის 30 000-კაციანი მოგონილი და ფალსიფიცირებული სახელმწიფო დასაქმების პროგრამა, რომელზეც პლუს კიდევ 400 000-მდე ლარი არის დახარჯული.
ჯამში, 15 წლის თავზე ჩვენ ვიღებთ ხელისუფლებას "ქართული ოცნების" სახით, რომელმაც ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის გადასახადები გაფლანგა და საქართველოს ბიუჯეტი არამიზნობრივად ხარჯა, - განაცხადა დათუნაშვილმა.