კულტურული დიპლომატია თუ „რბილი ძალა“? - რა მიზნით ჩამოვიდა პუტინის წარმომადგენელი საქართველოში
საქართველოში პუტინის მრჩევლის მორიგ ვიზიტს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მიხაილ შვიდკოი, რომელიც კრემლის კულტურული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად მიიჩნევა, თბილისში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და რუსული კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო.
ეს ბოლო თვეებში მიხაილ შვიდკოის უკვე მეორე ვიზიტია საქართველოში. რამდენიმე თვის წინ ის რუსულ დელეგაციასთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და საპატრიარქოში რუსეთის პრეზიდენტის სამძიმრის გზავნილი პირადად მიიტანა. თუ მაშინ მისი ვიზიტი ოფიციალურ მისიას უკავშირდებოდა, ამჯერად უცნობია, ვის მიწვევით იმყოფებოდა საქართველოში.
მიხაილ შვიდკოი აცხადებს, რომ კულტურას შეუძლია ქართველ და რუს ხალხებს შორის ნდობის აღდგენა. თუმცა, მის საჯარო გამოსვლებში არ გაჟღერებულა საუბარი ოკუპაციაზე, 2008 წლის ომზე ან სხვა პოლიტიკურ საკითხებზე. რუსეთის სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ სურს, საქართველომ უფრო ახლოს გაიცნოს რუსული კულტურა, კინო და ხელოვნება.
შვიდკოის ვიზიტს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ოპონენტები აცხადებენ, რომ კულტურული თანამშრომლობის ფორმატში მსგავსი ვიზიტები რუსეთის ე.წ. „რბილი ძალის“ პოლიტიკის ნაწილია და მხოლოდ ხელოვნების სფეროს არ უკავშირდება. მათი შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლებამ ოკუპანტ სახელმწიფოს წარმომადგენლების ვიზიტების მიმართ მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი აქტივობები რუსეთის გავლენების გაფართოებას ემსახურება და კულტურული ღონისძიებების ფარგლებს სცდება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.