რომ არა რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს, უკრაინის და მოლდოვას გვერდით საქართველოც უნდა ყოფილიყო - ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული ტელეარხ CBS News-სთან ინტერვიუში ევროპული ინტეგრაციისკენ უკრაინის და მოლდოვას პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “რომ არა რუსეთის ზეწოლა და რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს, მათ გვერდით საქართველოც უნდა ყოფილიყო.“
ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა ახლა “ძალიან შორსაა დემოკრატიისგან, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ძალიან ახლოს ვიყავით“.
გუშინ ჩვენ ვიხილეთ უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ამ ევროპული ინტეგრაციისკენ, სადაც საქართველოც უნდა ყოფილიყო. საქართველო იქ არ არის რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და იმ რეჟიმის გამო, რომელსაც ამჟამად უჭირავს პოზიციები საქართველოში,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ არსებობს, რადგან “მმართველ რეჟიმს ხელთ აქვს ძალაუფლების ყველა ინსტრუმენტი“.
მმართველ რეჟიმს, ხელთ აქვს ძალაუფლების ყველა ინსტრუმენტი; [საქართველოში] აღარ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, დარჩენილია ძალიან ცოტა თავისუფალი მედია და ბევრ ჟურნალისტს მოუწია ქვეყნის დატოვება ან ციხეშია, ძალიან ცოტაა არასამთავრობო ორგანიზაციაა, ხოლო ოპოზიციური პარტიები, შესაძლოა, ხვალ აიკრძალოს და მათი ზოგიერთი ლიდერი ასევე ციხეშია,- განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა.