აპირებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსის დატოვებას - თინა ბოკუჩავას კომენტარი
აპირებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსის დატოვებას - პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
თინა ბოკუჩავას თქმით, არ აპირებს "პოლიტიკური ჭორაობით და ტალახის სროლით დაკავდეს", რადგან მიაჩნია, რომ “ამ ბრძოლაში ყველა ერთია, მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა“.
მე არ მინდა დავკავდე პოლიტიკური ჭორაობით, ტალახის სროლით, მე მიმაჩნია, რომ ყველა ერთი ვართ ამ ბრძოლაში, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მოსაზრებისა. ამ ეტაპზე, არანაირი გადაწყვეტილება, ოპოზიციური ალიანსის დატოვებასთან დაკავშირებით, მიღებული არ არის, - განაცხადა ბოკუჩავამ გადაცემა „რეაქციაში“.
რა თქვა ნიკა გვარამიამ TV პირველის ეთერში?
კოალიცია "ცვლილებისთის" ლიდერი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო პერიოდში "ოპოზიციური ალიანსის" სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ იღებს. სხდომებზე არ დადის და არცერთი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს, მათ შორის მონაწილეობა არ მიუღიათ 26 მაისის მასშტაბური აქციის მზადების პროცესში.
ნიკა გვარამია განმარტავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსიდან არავის გაურიცხავს - "ძალიან დიდი ხანია უკვე ვეუბნებით, რომ ლიდერს კი ნუ ალაპარაკებთ ციხიდან, ჩაერთეთ. არ დადიან და არ არიან ჩართულები".
"რაში სჭირდება გარიცხვა იმას, რაც ისედაც ფიგურანტი არაა" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
დაპირისპირება სოციალური ქსელით:
- 29 მაისს, ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც წერდა, რომ სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი კი არა, მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსულიო“.
- ამავე წერილში მელია მოუწოდებდა სააკაშვილს, დაასახელოს ის „მოღალატე“, რომლის რჩევითაც მალულად ჩამოვიდა საქართველოში 2021 წელს, - რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა, - და რომელიც სააკაშვილს ჯერ არ დაუსახელებია.
- ნიკა მელიას წერილს კი წინ უსწრებდა თავად სააკაშვილის 27 მაისს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ნიკა მელია გააკრიტიკა. „მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან, გუშინდელ აქციაზე (გულისხმობს 26 მაისის მარშს) ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.
- სწორედ სააკაშვილის ამ პოსტს უპასუხა 29 მაისს ნიკა მელიამ ვრცელი წერილით უპასუხა და თქვა, რომ სააკაშვილის ეს ფრაზა ტყუილი და ცილისწამება იყო.
- 1 ივნისს, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა ნიკა მელიას წერილით, სადაც დაწერა, რომ მას არასდროს არავისი შურდა და პირიქით, ყველას წარმატება უხარია. "ნიკა მელიას ბევრი რამე გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან - ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც"- დაწერა სააკაშვილმა.