13 პირის სასამართლო პროცესი 1 კვირით გადაიდო - მიზეზი საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებაა
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 13 პირის სასამართლო პროცესი 1 კვირით გადაიდო - მიზეზი მათთან საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებაა.
სხდომა 24 ივნისს, 11:00 საათზე ჩატარდება.
ირკვევა, რომ 13-ვე პირმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს.
შესაბამისად, ადვოკატებმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს, რათა პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია გახდეს ცნობილი.
13-ვე ბრალებულს მომართული აქვს ჩვენთვის საპროცესოს გაფორმების თხოვნით, ეს დააფიქსირეს დღევანდელ სასამართლო პროცესზეც. ჩვენ განვიხილავთ ამ განცხადებებს რა თქმა უნდა და ბრალის ხარისხის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ყველა ბრალდებულს განსხვავებული მოთხოვნა აქვს - განვიხილავთ ყველას მოთხოვნას და ჩამოვყალიბდებით", - განაცხადა პროკურომა როინ ხინთიბიძემ.
ავთანდილ თოფჩიშვილს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.