ზუსტად იგივე ტექსტები იყო სააკაშვილთან მიმართებაში, "სააკაშვილი" ამოიღე და "ხოშტარია" ჩასვი - ზარქუა
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და საჭიროების შემთხვევაში პატიმრებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურებაც მიეწოდებათ. მისი მტკიცებით, თუ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს მისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას.
პოლიტპატიმრები არ ჰყავს საქართველოს. თუ დღეს ეს არ არის სააკაშვილის და ხოშტარიას დროინდელი ციხეები. დღეს თუ ვინმე ცუდად არის, ამასთან დაკავშირებით არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი, განვითარებული და შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მან მიიღოს პირველადი ჯანდაცვის სერვისი.
აი, ზუსტად იგივე ტექსტები იყო სააკაშვილთან მიმართებაში, ერთი ერთში. სააკაშვილი ამოიღე და ხოშტარია ჩასვი. ერთს ვამბობ, თუ რეალურად ასეა, არის უწყებები, რომლებიც ჯანდაცვის სერვისს მიაწვდიან ქალბატონ ხოშტარიას და კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. დანარჩენ, არ მაქვს ინფორმაცია და ვერაფერს გეტყვით, - ამბობს ზარქუა.
ციხეში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - განცხადება "დროას" ლიდერის ადვოკატმა, შოთა თუთერიძიემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულ პოლიტიკოსს სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.
ხოშტარიას უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო ოთხი თვის განმავლობაში შესამჩნევად პროგრესირებს.
თუთბერიძის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული კვლევები არასაკმარისი და არაეფექტურია, რის გამოც მკურნალობის კონკრეტული გეგმა დღემდე არ არსებობს.