„ნორმალიზება ფასის გადახდის გარეშე არ იქნება“ - ოპოზიცია ევროკავშირთან ურთიერთობებზე

17.06.26 14:20
„ნორმალიზება ფასის გადახდის გარეშე არ იქნება“ - ოპოზიცია ევროკავშირთან ურთიერთობებზე

 

 

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ "ოცნების" ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს, გააუქმებს შემზღუდავ კანონებს და დასავლელი პარტნიორების მოთხოვნებს შეასრულებს. მათი შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, თუმცა ამის მიუხედავად, ევროპული ინტეგრაციის გზის აღსადგენად არაფერს აკეთებს. 

"ოცნების" მხრიდან რეალური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია.

ივანიშვილის რეჟიმმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, უკან უნდა წაიროს ის დრაკონული, რეპრესიული კანონმდებლობა, რაც იქნა მიღებული, რამაც საქართველო უფრო მეტად დააშორა ევროპულ, ცივილიზაციურ სივრცეს და დაახლოვა რუსეთთან და სხვა ავტოკრატიებთან და რა თქმა უნდა, ამ რეჟიმმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები თუკი სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაციის მიღწევა. ნაბიჯების გადადგმის გარეშე, კონკრეტული ფასის გადახდის გარეშე არავითარი ნორმალიზება არ იქნება არც ბრიუსელთან, არც ევროპულ კავშირთან და არც აშშ-თან.

გუშინ, ფაქტობრივად, იქნა მხილებული მათივე პირით, როდესაც თქვეს, რომ მათ კარგად ესმით რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული გზა აღდგეს და მათივე პირით აღიარეს, რომ ამის მიუხედავად, ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ევროპული გზა, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის მხრიდან ზეწოლა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამ შეფასებას "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი აკეთებს. 

პარლამენტიც ითხოვს კომისიისგან ქმედითი ნაბიჯები გადადგას და ეს არის მკაცრი მოთხოვნა პარლამენტის მხრიდან. ასევე, განსხვავდება ეს მოთხოვნები ყველა წინარე მოთხოვნებისგან და ამას ხვდება "ქართული ოცნებაც", რომ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დადგება ფინანსური სანქციები "ქართული ოცნების", ივანიშვილის წინააღმდეგ, ამიტომ სამხარაძე ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვას ითხოვს, ამიტომ ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ როგორც ქართველი ხალხი, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობა, რომ მათთან დიალოგი სურთ, შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" იცის, რაც უნდა გააკეთოს და ეს მანიპულაცია არ გამოუვათ. ასევე იცის, რომ ამ რეზოლუციას აუცილებლად ოჰყვება შედეგი, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.  

საერთაშორისო პარტნიორების პოზიციების შესაძლო დაახლოებაზე ამახვილებს ყურადღებას "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა. 

ახლა ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც აშშ-ს მოთხოვნები რეჟიმის მიმართ დაემთხვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროკავშირის ინსტიტუტების მოთხოვნებს რეჟიმის მიმართ. ანუ სრული საერთაშორისო კონსესუსი შეიკვრება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გარეთ, რომ დრაკონული კანონები უნდა გაუქმდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად და მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები უნდა მოხვდნენ რაც სეიძლება ფართო და მწვავე საერთაშორისო სანქციების ქვეშ, - ამბობს გიგა ლემონჯავა.  

"ოცნების" პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში დასავლეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებს ირაკლი ფავლენიშვილი. 

გრძელდება ადამიანების დაყადაღება, დაკავება უკანონოდ, მათ შორის, არადემოკრატიული კანონების მიღება, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე შეიცვალოს. პირიქით, უფრო მეტად დამძმდება ყველაფერი, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ იღებენ, შეიძლება, მიიღონ უახლოეს მომავალში, რასაც ჩვენ სამწუხაროდ, ვაფრთხილებთ საზოგადოებას. ეს არ შეეხება მხოლოდ უვიზო მიმოსვლას, შეეხება სხვა მიმართულებებსაც, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.  

ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა  რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს.   

მსგავსი სიახლეები