დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ინვალიდიზაცია... უმძიმესი ვითარებაა - ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიას თქმით ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმე იყო, რომ ამ საკითხზე დუმილი შეუძლებელი იყო.
როგორც კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, დაკავებული ქალი პოლიტიკოსის ინვალიდიზაცია დიდი სისწრაფით მიმდინარეობს.
ფაქტობრივად, ელენეს „ქართულმა ოცნებამ“, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
ელენე არის ძალიან ცუდად. რამდენიმე კვირაა უკვე ეს ვიცით და არ გვაძლევდა საჯაროდ სიტყვის დაძვრის უფლებას. არ მგონია, რომ ეს სწორია, მაგრამ ელენე ასეთია და ვერაფერს იზამ - მისი ძალაც ამაშია: სიხისტემდე მისულ პრინციპულობაში და უგამონაკლისო თანმიმდევრულობაში.
მაგრამ დღეს უკვე შეუძლებელია დუმილი და მის ადვოკატს აუცილებლად უნდა ეთქვა, რაც სათქმელია - ბოლობოლო, პროფესიული ეთიკა და ადამიანური სინდისი მოითხოვს ამას.
დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ინვალიდიზაცია (იმედია, კორექტულად ვიყენებ ამ სიტყვას). ქალისთვის, ცოლისთვის, 4 შვილის დედისთვის, აქტიური პოლიტიკოსისთვის და დაუდგრომელი, მუდმივად მოქმედებაში მყოფი ადამიანისთვის ეს უმძიმესი ვითარებაა.
ფაქტიურად, ელენეს ქართულმა ოცნებამ, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა. აქ შემიძლია ბევრი ვილაპარაკო იმაზე, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რომ არავის არ შერჩება, რომ ელენეს საავადმყოფოში გადაყვანა სავალდებულო და საჩქაროა. მაგრამ ვაპირებ ვთქვა ის, რისთვისაც დაუღალავად და მთელი ჩემი შესაძლებლობებით ვიბრძოლებ:
თავისუფლება ელენეს! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და სინდისის პატიმრებს!
და კი: ნამდვილად არავის არ შერჩება!"- წერს ნიკა გვარამია.
დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.
შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.