დაპირებული სოფლის მეურნეობის აყვავების ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ დაცლილი სოფელი და მშპ-ში ამ სექტორის წილის შემცირება - დათუნაშვილი
"ოცნებამ" სოფლის მეურნეობის სექტორში 2013-2026 წლებში დახარჯული დაახლოებით 10 მილიარდი ლარის მიუხედავად, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ შეძლო. ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა თამაზ დათუნაშილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკვები პროდუქტების იმპორტზე, ხოლო "ოცნების" ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - „სად წავიდა 10 წლის მანძილზე დახარჯული 10 მილიარდი ლარი?“.
დათუნაშვილის შეფასებით, ეს საკითხი შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველიც გახდეს იმ პირებისა და სუბსიდიების ბენეფიციარების მიმართ, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებში მუშაობდნენ ან სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობდნენ.
ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობის მხილებას სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებული უდიდესი კატასტროფის შესახებ. „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებული სოფლის მეურნეობის აყვავების ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ დღეს დაცლილი სოფელი და მშპ-ში ამ სექტორის წილის შემცირება.
კერძოდ, საქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის სექტორის წილი 2025 წელს 5.9%-მდე შემცირდა. აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს კი სექტორის წილი მშპ-ში 10.3% იყო, ანუ, ფაქტობრივად, განახევრებულია ეს მაჩვენებელი.
სასურსათო უსაფრთხოება და ადგილობრივი წარმოების განვითარება ეს არის ერთის მხრივ სტრატეგიული ამოცანა და მეორეს მხრივ სახელმწიფოს რეალური შესაძლებლობა სასურსათო პროდუქტების ფასებზე პირდაპირი გავლენის ქონის, მაგრამ საქართველოს ამის შესაძლებლობა დღეს არ აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველდღიურად გატყუებთ ამის შესახებ.
ამ ფონზე, საქართველოში ხორბლის 73%, ღორის ხორცის 48% და ფრინველის ხორცის 70% იმპორტირებულია. საქართველო ძირითად პროდუქტებზე არის დამოკიდებულო უცხოურ იმპორტზე.
2013-2026 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორზე “ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯა დაახლოებით 10 მილიარდი ლარი. მიუხედავად ამისა, დარგის ძირითადი პრობლემები დღემდე მოუგვარებელია, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა რამდენჯერმე ჩამორჩება ევროკავშირის სტანდარტს.
განსაკუთრებით საგანგაშოა 73%-იანი დამოკიდებულება ხორბლის იმპორტზე, რადგან ხორბლის მთავარი და ერთადერთი იმპორტიორი საქართველოში ეს არის ოკუპანტი რუსეთი. რუსეთი თუ გადაწყვეტს ამ ქვეყნისთვის ხორბლის მიწოდების გადაკეტვას, საქართველოში რამდენიმე დღეში პურის დეფიციტი გაჩნდება. იხილეთ მეზობელი სომხეთის მაგალითი.
ხელისუფლებამ დარგში სხვადასხვა პროგრამისა და სუბსიდიის სახით მილიარდობით ლარი დახარჯა, თუმცა შედეგი ყველასთვის თვალსაჩინოა - საქართველო კვლავ ვერ უზრუნველყოფს საკუთარ სასურსათო უსაფრთხოებას, საქართველო კვლავ ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების ადგილობრივი წარმოების პროდუქციით დაკმაყოფილებას.
სად წავიდა 10 მილიარდი ლარი?! ამ კითხვას გავიმეორებ მანამ, სანამ მატყუარა მთავრობა პასუხს არ გასცემს ამ კითხვას. სად წავიდა 10 წლის მანძილზე დახარჯული 10 მილიარდი ლარი?! რატომ ისარგებლეს ძირითად შემთხვევებში ამ 10 მილიარდი ლარის ოდენობის სუბსიდიებით „ქართული ოცნების” დეპუტატებმა, მსხვილმა ბიზნესმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაახლოებულები და მათ რომ ისარგებლეს რატომ არ არის არავითარი შედეგი ამ 10 მილიარდის ხარჯვაში.
ეს კითხვები პირდაპირ ნიშნავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მთელი რიგი ადამიანების მიმართ, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდნენ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იყვნენ ბენეფიციარები ამ სუბსიდიების“, - აღნიშნავს დათუნაშვილი.