დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს - საუბრის თემა სანქციები იყო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად საგარეო უწყება ავრცელებს.
ბოჭორიშვილის უწყება წერს, რომ ბრიტანელი დიპლომატს მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალური პრეს-რელიზის თანახმად, შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას ამ მიმართულებით.
ამასთნ, საქმეთა სამინისტრო დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ გემ SILVAR-თან (IMO 9291262) დაკავშირებით ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტს "გაუმართლებელს" და "მანიპულაციურს" უწოდებს.
უწყების განმარტებით, გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების პერიოდში ის არცერთ საერთაშორისო სანქციას არ ექვემდებარებოდა, საერთაშორისო საზღვაო რეესტრებში მოქმედი სტატუსი ჰქონდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პორტებში შეუფერხებლად ოპერირებდა.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე იქნა მოწვეული.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას ამ მიმართულებით.
აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ამ კონტექსტში, შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების განმტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს, მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, იგი ფლობდა Lloyd's Register-ის (გაერთიანებული სამეფო) მოქმედ კლასს, ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის მრავალრიცხოვან მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებს, მათ შორის მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა. ამასთან, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.
ბრიტანული მხარისთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში შემოსვლამდე, სულ რამდენიმე კვირით ადრე, აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში, ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.
გიორგი ზურაბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს. შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
16 ივნისს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ასავლელად გამოიყენება.
სანქციები შეეხო რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 20-ზე მეტ ნავთობტანკერს, მათ შორის არის ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს ერთ-ერთ პორტშიც იმყოფებოდა.