კორუფცია რკინიგზაში - ოპოზიცია "ოცნების შიდა ანგარიშსწორებებზე" საუბრობს

17.06.26 16:05
კორუფცია რკინიგზაში - ოპოზიცია "ოცნების შიდა ანგარიშსწორებებზე" საუბრობს

 

 

საქართველოს რკინიგზაში სუს-ის მიერ გამოვლენილმა კორუფციამ ოპოზიციაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ რკინიგზაში ფულის მოპარვის შესახებ 2020-21 წლებშიც ეცოდინებოდათ, ხოლო ის ფაქტი, რომ დიდი კორუფციის საქმე მხოლოდ 6 თვის გამოცხადდა გახსნილად, აღნიშნული "ოცნების" შიგნით დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაზე მიუთითებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის "შიდა ანგარიშსწორებები" ივანიშვილის გუნდში.

პირველ რიგში ეს არის შიდა ანგარიშსწორებები - ვიღაცა ვიღაცის კაცია და ეს ვიღაცის კაცები უნდა ჩაიხსნან, იმიტომ, რომ დიდი კაცები უკე ციხეში სხედან და შესაბამისად, მათი პატარა საცეცები უნდა ჩაიხსნას. მეორე აქტი აქ არის - თავისი ამომრჩევლისთვის, რომელიც ბრმა ხომ არ არის და ხედავს რა პრობლემებია, და სავარაუდოდ, ყოველ კვირა კვლევას რომ ატარებენ, ის პერიოდულად ეუბნება, რომ მისი ამომრჩეველიც სწუხს კორუფციაზე, მათ დასანახად აჩვენებენ და აწყობენ შოუებს, რომ ვებრძით კორუფციას, მეტი რა ვქნათ... და არის აქ მესამე აქტიც, რითაც, თუკი ვინმეს ოდესმე აზრად მოსდის, რომ ფული არ ჩაინატანოს, ეს არის მათთვის განცხადება, რომ მათაც აუცილებლად მიადგებიან  და რომ დანდობა არ იქნება", - ამბობს თინა ხიდაშელი.

"ოცნების" ყოფილი წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით კი, დიდი კორუფციის საქმეებზე ისევე პასუხისმგებელინი არიან ივანიშვილის გუნდის დღევანდელი პირველი პირები, როგორც მაშინდელები, რადგან მისი განცხადებით, აღნიშნული პირები მაშინაც თანამდებობაზე იყვნენ.

"პრაქტიკულად ისინი დღეს ამხელენ საკუთარ თავს, საკუთარ პოლიტიკურ ორგანიზაციას მასშტაბურ კორუფციულ სქემებში"- ეუბნება "პირველებს" ცქიტიშვილი. 

ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი თავი და წარსული გამიჯნონ - თითქოს, ის წარსული, რაც "ოცნებამ" დააშავა წლების განმავლობაში კორუფციის კუთხით, არ არის მათთან კავშირში. თითქოს, ეს თანამდებობის პირები, რომლებიც დღეს არიან თანამდებობაზე, მაშინ არ იყვნენ თანამდებობაზე და მაშინ არ იყვნენ პასუხისმგებელნი იმაზე, რაც ხდებოდა ქვეყანაში. პრაქტიკულად ისინი დღეს ამხელენ საკუთარ თავს, საკუთარ პოლიტიკურ ორგანიზაციას მასშტაბურ კორუფციულ სქემებში. მილიონი თუ არა მილიარდები იპარებოდა ბიუჯეტიდან და ჯერჯერობით პასუხისმგებელი ამ მოცულობის კორუფციაზე ჩვენ ვერ ვნახეთ. ვნახეთ გარიგებით და შეთანხმებით დაპატიმრებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი - სად არის გაფლანგული ფული? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ის რომ სისტემური და მასშტაბური იყო, ამას ტავსიივე გამოძება ამბობს", - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ოპოზიციაში ასევე საუბრობენ კოკა გუნცაძის პასუხისმგებლობაზე, სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, რომელსაც საქართველოს რკინიგზის კონტროლი ევალებოდა.

"ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, მათ შორის გუნცაძის პასუსხისმგებლობის საკითხი უნდა დაგდეს იმ გადაცდომაზე, რასაც საქართველოს რკინიგზაში ჰქონდა ადგილი. 

ზოგადად ცნობილია, რომ კოკა გუნცაძე არის ერთ-ერთი გავლენიანი რუხი კარდინალი "ოცნების" პირობებში,  ერთ-ერთი ხელმძღვანელი "ოცნების შავრაზმული ფრაქციის. კოკა გუნცაძე ამ რუხი კარდინალობის გარდა ოფიციალურად არის რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმღვანელი. ნებისმიერი პირველი კურსის სტუდენტი ბიზნესის მიმართულებით გეტყვით, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი ფუნქცია არის, რომ აკონტროლოს კომპანიის მენეჯმენტი - მითუმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ იმხელა პასუხისმგებლობაზე, რა პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს რკინიგზა საქართველოს გადასახადების გადამხდელების მიმართ, იმიტომ, რომ რკინიგზა არის სახელმწიფო კომპანია. კოკა გუნცაძის და მისი სამეთვალყურეო საბჭოს პირველი მისია იყო, რომ გააკონტროლებინა ეს პროცესები. რა თქმა უნდა, ის პასუხისმგებელია მათ შორის ამ გადაცდომებზე".- აცხადებს თაზო დათუნაშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს რკინიგზაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების საქმე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, სქემის შედეგად სახელმწიფოს 17 მილიონ 391 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან დაკავებულები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი. საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.

  • სუს-ი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.

გამოძიების თანახმად,  2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. 

სუს-ი ამბობს, რომ დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. 

  • დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.

მსგავსი სიახლეები