ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი - მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ახალ მიმართვას ავრცელებს - მესამე პრეზიდენტმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ენმ-ში მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანია.
პარტიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდეს იმ ფორმატით, რომელიც "რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს:
რაც შეეხება ერთიან ნაციონალ მოძრაობაში ცვლილებებს - ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს.
ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს.
ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამავე დროს ვთავაზობ არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ასევე არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება ყველას და ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი.
ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად. ამ ყველაფერში მათ აქვთ ჩემი სრული ნდობა.
სხვა პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით ენმ არ არის არც ბიზნეს-პროექტი, არც 1 ადამიანის მართული პარტია. ის ქვემოდან ზემოთ იმართება მრავალრიცხოვანი სახალხო ბაზით და ამ მხარდამჭერების პოზიცია ჩვენთვის გადამწყვეტია.ეს ყველაფერი აუცილებელია და გადაუდებელია, განსაკუთრებით ჩემი, ხაბეს, ირაკლი ნადირაძის და სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში.
ჩვენი და საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია!"- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე 2-წლიანი ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ეწურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მეორე ვადით განაგრძობს თუ არა იმავე თანამდებობაზე მუშაობას.
კითხვაზე იცოდა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს თავმჯდომარეობას სთავაზობდა, ბოკუჩავამ თქვა: „ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად არ დაუწერია... აქ არის პოსტი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ... პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო და ინტერესი არასდროს არ იყო.“
10 ივნისს ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა, პატიმარმა სააკაშვილმა თქვა, რომ ენმ-ს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა.
11 ივნისს ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მას სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რაზეც მესამე პრეზიდენტს უარი უთხრა.
გუშინ, 16 ივნისს ბოკუჩავამ ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას პირდაპირ თქვა, რომ პარტიაში „ორხელისუფლებიანობას“ არ იზიარებს და მისი პოზიცია ცნობილია თავად მიხეილ სააკაშვილისთვისაც.