ღარიბაშვილი VS კობახიძე - რას შეეწირა რეალურად ექს-პრემიერის თავისუფლება?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში კორუფციული დანაშაულის გამო არ ზის. მისი თქმით, ამ სპეცოპერაციის მთავარი ინიციატორი ირაკლი კობახიძეა, მან კი წინამორბედის დაკავება მისი პრემიერად დაბრუნების შიშის გამო გადაწყვიტა. თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ კობახიძეს თანამდებობიდან გაშვებული ღარიბაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციის შეეშინდა, რის გამოც მის წინააღმდეგ პროცესი წამოიწყო და ლიდერიც შესაბამისად განაწყო.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნების პერსპექტივა სრულიად რეალური იყო, რადგან ბიძინა ივანიშვილს მსგავსი ნაბიჯი ერთხელ უკვე გადადგმული აქვს. 2013 წელს მან ღარიბაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მისი კორუფციული პრობლემებიც არ დაუმალავს, თუმცა მოგვიანებით აპატია და პრემიერის პოსტზე დააბრუნა. საინტერესოა, რომ მაშინ ივანიშვილი ღარიბაშვილს ბევრად უფრო მასშტაბურ კორუფციულ სქემებში სდებდა ბრალს, ვიდრე იმ საქმეშია, რომლის გამოც ის ახლა პატიმრობაში იმყოფება. ხიდაშელის აზრით, სწორედ ამ გარემოებას უნდა დაეფიქრებინა ირაკლი კობახიძე, რომ მისთვის გადაცემული ძალაუფლება მარადიული არ არის.
პატიმრობა კორუფციის გამო თუ ბრძოლა ძალაუფლების დასაზღვევად - ეს კითხვა მაშინვე გაჩნდა, როცა ერთ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ დაკავებულია ირაკლი ღარიბაშვილი. კობახიძესა და მას შორის რომ მუდმივი ბრძოლა იყო, ეს არც არასდროს დამალულა. ისინი, ვინც ღარიბაშვილთან ერთად ამ პარტიაში წლები გაატარა, გვიყვებიან, რომ მასში კობახიძე კონკურენტს ხედავდა.
გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის კორუფცია არც არასდროს ადარდებდა პარტიის ლიდერს. არც მაშინ როცა ასეთ პრობლემებს გუნდი მმართველობის დასაწყისშივე ხედავდა და არც მაშინ, როცა ეს სასამართლოს ხელით დაადგინეს. ხუხაშვილი ამბობს, რომ კობახიძის მცდელობების მიუხედავად, არც მისი პოსტზე ყოფნაა მარადიული.