ოპოზიცია EU NEIGHBOURS EAST-ის კვლევაზე: "ოცნების" ანტიდასავლურმა პროპაგანდამ კრახი განიცადა
ევროკავშირის პროგრამის „EU NEIGHBOURS EAST“-ის ფარგლებში ჩატარებულ კვლევას ოპოზიციაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შედეგები ადასტურებს ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მათი შეფასებით, კვლევამ აჩვენა, რომ "ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლურმა რიტორიკამ და პროპაგანდამ საზოგადოების განწყობების შეცვლა ვერ შეძლო, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანად რჩება.
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპული ინტეგრაციაა.
მე ვფიქრობ, ეს კვლევა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის ერთადერთი გეოპოლიტიკური არჩევანი არის ევროპული კავშირი. და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რაოდენ აცდენილია ეს რეჟიმი საკუთარ ხალხს. პრემიერ-მინისტრმა ამას წინ გააკეთა განცხადება, რომლითაც ჩინეთი გამოაცხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მე მას ვურჩევდი, ჩაიხედოს აი, ამ კვლევაში და დაინახავს თავისი რეალური ხალხის, რომელიც დიდი ხანია მისი ამომრჩეველი არ არის, მაგრამ ამ ხალხის განწყობას დაინახავს ასეთ კვლევებში, - ამბობს გეგელია.
ვლევის შედეგები შეაფასა გახარიას გუნდის წევრმა ბერდია სიჭინავამაც. მისი განცხადებით, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი "ოცნების" ხელისუფლების პროპაგანდის წარუმატებლობაზე მიუთითებს.
ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ ის სახელიწუფლებო პროპაგანდა, რაც ცდილობდა თითქოს ევროკავშირის იდეა დაეყენებინა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ, ვერ შედგა, კრახი განიცადა. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს დასავლურ ინტეგრაციას, რაც ასევე კონსტიტუციაში გვიწერია და მიხედავად ამისა, რომ არაერთი პოლიტიკური პროექტი გამოიგონეს ამისთვის: "ხალხის ძალის", "ნეიტრალური საქართველოს" თუ სხვადასხვა სახით, ფაქტი ერთია, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს დასავლურ ინტეგრაციას, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალ მაჩვენებლებზე ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდიაც. მისი თქმით, კვლევამ ორი მთავარი ტენდენცია გამოავლინა - ევროკავშირის წევრობისადმი საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობა.
კვლევაში გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი რამ: ერთი ის, რომ "ქართული ოცნების" კრახია დასავლური დეზინფორმაციის კუთხით, სადაც საქართველოს მოსახლეობას პროპაგანდის მიუხედავად, კვლავ სურს ევროკავშირის წევრობა ისევე, როგორც ის განიხილავს არა მარტო ეკონომიკურ კეთილდღეობას, არამედ უსაფრთხოების მიმწოდებლადაც და მთავარი დამნაშავე ამ პროცესის შეჩერების არის "ქართული ოცნება" თავისი დრაკონული კანონებით, თუმცა აქვე იკვეთება მუშაობის ამ დეზინფორმაციასტან დასაპირისპირებლად და ევროკავშირის შესახებ ინფრომაციის მიწოდება საქართველოს მოსახლეობისთვის, - ამბობს თეონა აქუბარდია.
ევროკავშირის პროგრამის „EU NEIGHBOURS EAST“-ის ფარგლებში ჩატარებული 2026 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყნის ევროპულ მომავალს კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს. გამოკითხულთა 71% ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 79% დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს.