"ბათუმელი მედროშის" საბოლოო სიტყვა
არც ერთი ბოროტმოქმედი არ ვართ, შეგვარჩიეთ პატიოსანი ხალხი, რომელთაც არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზ ბრალდებულმა ზურა ჭავჭანიძემ საბოლოო სიტყვაში განაცხადა.
მისი თქმით, არც მას და არც მასთან ერთად დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.
სასამართლო პროცეზე გაირკვა, რომ "ბათუმელი მედროშე" თანახმა იყო მასთან საპროცესო გარიგება გაფირმებულიყო, თუმცა მოსამართლე რომელ ტყეშელაშვილმა ბრალდებულს უპასუხა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების ეტაპი უკვე გავლილი იყო და ვისაც საპროცესო შეთანხმება სურდა, უკვე გაუფორმდა.
„მიწოდებენ ბათუმელ მედროშეს, მაგრამ მე ვარ სოხუმელი. სოხუმში მე 15 ვაჟკაცი, ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი, ომში დამეღუპნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ბედნიერ, ერთიან საქართველოში გვეცხოვრა. ჩემი ბიჭების სულებმა არ მომცეს საშუალება, რომ გავჩერებულიყავი.
ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება. ერთადერთი, რაც გამაჩნია, ჩემი პატიოსანი ადამიანის სახელია.
5 მანქანით ჩამომაკითხა ბადრაგმა ბათუმში [დასაკავებლად]. დილის მერე ლუკმა არ მიჭამია-მეთქი, საღამოს ვთქვი. გააჩერა მთელი ბადრაგი მაღალჩინოსანმა, ჩამოვიდა და შაურმა მიყიდა, თავისთვის — სიგარეტი. ის კაცი ჩემზე ფიქრობდა. როგორ ვუთხრა, მოწინააღმდეგე ხარ-მეთქი.
ყველა რუსი მმართველის, კრემლის აგენტურის ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე. თაობა არ გაზრდილა საქართველოში, რომ ბრძოლა არ უწევდეს თავისუფლებისთვის. აქამდე თუ მოდიოდა მტერი დასაპყრობად, დღეს მოდის გასაქრობად. ეს შემოაქვთ ჩვენთან. ამიტომ ვერ გავჩერდი სახლში, ამიტომ გამოვედი. გამშველებელს ყველაზე მეტი ხდებაო. ა! ციხეში ვზივარ.
ყველა ვსხედვართ აქ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები. მოვხვდით უადგილო, უდროო სიტუაციაში. აქციამდე ერთ თვეზე მეტი მიდიოდა ანონსი. ყველა ჯერზე ნათქვამი იყო, რომ მშვიდობიანი აქცია უნდა ყოფილიყო. ასე ვიყავით ყველა, პატარა ბავშვებით. მე არ ვიცი, რა მოხდა და რატომ.
მე ვიცი, რომ ყველა უდანაშაულო ხალხი ვართ. ყველამ მაპატიეთ, მაგრამ მე თხოვნა გავგზავნე საპროცესო გარიგებაზე. ყველაზე დიდი ფასი ჩემთვის მართლა თავისუფლება ყოფილა. ჩემი მეუღლე აქ ვერც მოდის. ცხოვრებაში მის თვალებზე ცრემლი არ დამინახავს, მაგრამ ბოლოს რომ ველაპარაკე, ცრემლებს ვგრძნობდი.“, — განაცხადა ზურა ჭავჭანიძემ.
- განცხადება ჭავჭანიძემ მანამდე გააკეთა, ვიდრე დანარჩენ 7 პირთან ერთად მას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 5 წლიან პატიმრობას მიუსჯიდა.