პროკურორი განმარტავს, რატომ არ გაუფორმდა დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება
რატომ არ გაუფორმდა მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება - განმარტება სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ გააკეთა.
პროკურორის თქმით, ბრალდებული არც პროკურატურისთვის გაგზავნილ განცხადებაში და არც სასამართლო პროცესზე, დანაშაულს არ აღიარებდა, ის მხოლოდ საპროცესო შეთანხმებას ითხოვდა.
ბრალდების მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნის უფლება მსჯავრდებულს მეორე ინსტანციის სასამართლოშიც აქვს, თუმცა, ამ მოცემულობით, ჭავჭანიძეს უარი დანაშაულებრივი ქმედების არ აღიარების გამო ეთქვა.
„ბრალდების მხარემ სასამართლოში მტკიცებულებათა ერთობლიობა წარადგინა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში ბრალად წარდგენილ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი არის გამამტყუნებელი დანაშაულთა ერთობლიობით, სასამართლომ თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა. რაც შეეხება ზურაბ ჭავჭანიძეს, ბრალდების მხარე არაერთხელ აცხადებდა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოება იმ პირებთან განხორციელდებოდა, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდნენ. ვინაიდან თავისი არსით საპროცესო შეთანხმება მოიცავს იმას, რომ პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ინანიებს. ამ შემთხვევაში, ზურაბ ჭავჭანიძეს არც განცხადებაში და არც სასამართლოში წარმოდგენილ პოზიციაში მისი მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება არ განუხორციელებია. შესაბამისად, ამ მოცემულობით ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ აფორმებს. ზურაბ ჭავჭანიძემ თავად გააჟღერა პროცესზე, რომ პროკურატურაში საპროცესო შეთანხმებაზე განცხადება აქვს გაგზავნილი, თუმცა, მისი მხრიდან აღნიშნულ განცხადებაში მხოლოდ და მხოლოდ მითითება იყო, რომ ბრალდების მხარეს მასთან საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა. საპროცესო შეთანხმება მათ შორის, სააპელაციო სასამართლოშიც ფორმდება, შეზღუდული არ არის ეტაპი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ ბრალდებულების საბოლოო სიტყვაზე იყო სასამართლო გადასული, საბოლოო სიტყვის შემდეგ, სასამართლოს ერთადერთი - განაჩენის გამოცხადება, ან სათათბიროდ გასვლა და განაჩენის გამოცხადება შეუძლია, ამას დაემატა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულს არც თავის განცხადებაში, რომლითაც მიმართა პროკურატურას და არც სასამართლო პროცესზე არ უღიარებია ბრალად წარდგენილი ქმედება. საპროცესო შეთანხმების არსი არ არის, კონკრეტულ პირს შეთანხმება იმ მოცემულობით გაუფორმდეს, როცა ის არ აღიარებს დანაშაულს. პირდაპირ გეტყვით, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პირს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს ბრალდების მხარეს განცხადებით. მას არც ერთ ეტაპზე არ მოუმართავს, მას ჰყავდა უფლებადამცველი ადვოკატები, ის სავალდებულო დაცვის ქვეშ მოექცა, მას შემდეგ, რაც სასამართლო სხდომიდან გააძევეს. ამის მიუხედავად, ის მის ადვოკატებთანაც პოზიციას არ აფიქსირებდა, ყოველ შემთხვევაში, მისი ადვოკატებისგან ჩვენ ეს პოზიცია გაგვაჩნია. ეს არის ბრალდებულის არჩევანი. თუკი, მან პირობითად, წინა კვირას შეძლო ციხიდან განცხადება გამოეგზავნა, რომელზეც ამ ეტაპზე უარი ეთქვა, ვინაიდან არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ეს მას ნებისმიერ ეტაპზე შეეძლო. ის წერილობითაც მიიღებდა ბრალდების მხარისგან პასუხს, ამ მოცემულობაში მისი მოყვანა საერთოდ არ იყო საჭირო",- განაცხადა იაკობიძემ.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 8 პირი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სრულად დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ყველა მათგანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.