მინისტრის მოადგილის მტკიცებით, "არ იცის", რის საფუძველზე წერენ ძალადობის მსხვერპლები, რომ პოლიციელებთან პრეტენზია არ აქვთ
როგორ ხდება, რომ პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქეები მომხდარზე პრეტენზიას არ აცხადებენ? - ამ კითხვით "პირველებმა" დღეს შს მინისტრის მოადგილეს მიმართა.
ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. მისი მტიცებით, ეს კითხვები მის უწყებას არ მიემართება. როგორც დარახველიძე აღნიშნავს თუ შანტაჟს ან იძულებას ადგილი ნამდვილად აქვს, დაზარალებულებამ შესაბამის უწყებებს უნდა მიმართონ.
ამ კითხვებთან დაკავშირებით მე ვერ გიპასუხებთ, ვინაიდან კონკრეტულ დაზარალებულს თუ აქვს რაიმე პოზიცია, მას შეუძლია, წარადგინოს საგამოძიებო ორგანოში. თუ მის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობას, ზემომედებას, იძლებას ჰქონდა ადგილი, ესეც ცალკე ქმედებაა და ამაზეც საჭიროა რეაგირება.
ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი და თქვენ კარგად იცით, რომ ეს ფაქტი თავად სამინისტრომ გამოავლინა და მიმართა გენერალურ ინსპექციას და შესაბამისი პირების მიმართ უკვე დაიწყო კონკრეტული ღონისძიებები, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცსო კოდექსით. აქედან გამომდინარე, ის, რომ ვინმე რამეს მალავს და რაიმე ხელშეწყობა აქვთ ამ კუთხით, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია, - ამბობს დარახველიძე.
"პირველებმა" კითხვა ასევე ძალადობაში მხილებულ პოლიციელთან, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბექა კუხლაშვილებთან დაავშირებითაც დასვა და დაინტერესდა, თავის დროზე რატომ მოხდა დაწინაურება.
დარახველიძე ამბობს, რომ როტაცია ჩვეულებრივი ამბავია და როგორც კი 4 წლის წინ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეიტყვეს, მყისიერი რეაგირება მოახდინეს.
ეს არის თქვენი მხხრიდან გაკეთებული ინტერპრეტაცია. როგორც კი გამოვლინდა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება, - ამბობს დარახველიძე.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელები შესაძლოა საპატიმროდან გათავისუფლდნენ. ამ ეჭვს შაბათის ეთერის მოპოვებული ინფორმაცია აჩენს.
გადაცემის ცნობით, ბექა კუხალაშვილის, ირაკლი კააციტაძისა და მიხეილ ჯინჭარაძის საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, ბრალდებულთა ადვოკატებმა დაზარალებულებისგან ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები მოიპოვეს, რომლის მიხედვითაც ნაცემ ახალგაზრდებს პოლიციელების მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ.
ამასთან, „შაბათის ეთერმა“ გაარკვია, რომ 16 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი ლუკა ხურცილავა უკვე თავისუფალია. ადვოკატები ადასტურებენ, რომ საგამოძიებო ორგანოში დაზარალებული ოჯახის მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული განცხადება მიიტანეს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.
უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებულები დათმობაზე სისტემის ზეწოლის შედეგად წავიდნენ. მათი შეფასებით, საქმის განვითარებამ შესაძლოა ბრალდებული სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.