კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა

23.06.26 12:22
კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა

 

 

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა - ქვეყნის პრემიერი ირწმუნება, რომ ევროპარლამენტი სწორედ საბჭოური მიდგომებით მუშაობს. 

მთავრობის მეთაური დღეს ტელეკამერების წინ ამტკიცებდა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

მზად ვართ, ევროპარლამენტის წინააღმდეგაც არაღიარების საწინააღმდეგო პოლიტიკა ვაწარმოოთ - თქვა კობახიძემ. 

ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების წინააღმდეგ და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ. რუსეთის ფედერაცია და კიდევ ოთხი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ანალოგიურად, ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ეს მათი საქმეა. ჩვენ ვაწარმოებთ არაღიარების წინააღმდეგ პოლიტიკას.

როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე. ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ.

საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ძალიან წააგავს ევროპარლამენტი დღევანდელი მდგომარეობით და სულისკვეთებით, ასევე იმ საბჭოური მიდგომებით, რომლითაც ისინი მუშაობენ. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ იმ კანონებზე, რომელიც მისი შეფასებით „ევროპარლამენტს არ მოსწონს“.

„რომ ავიღოთ „კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ - ერთი წლის და მეტი დროის განმავლობაში, ქვეყნის ცენტრალური გამზირი იყო გადაკეტილი. 150-მა ნაცმა შეაწუხა მთელი საქართველო და ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოსწონთ ეს კანონი. აქედან ხომ ჩანს, რომ 150 „ნაცის“ მიერ 3 900 000 კაცის შეწუხება მოსწონს ევროპარლამენტს. ტროტუარზეც იგივეა. როგორც კი შევუწყვიტეთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, მერე დაიწყეს ტროტუარებზე სიარული და ტროტუარების გადაკეტვა. აქაც მივიღეთ კანონი. 150 კაცი რომ ხარ, დადექი და წყნარად იყავი! სადაც გინდა, იქ დადექი, ტროტუარზე ოღონდ არ შეუშალო სხვას ხელი. ტროტუარზეც არ შეუშალო სხვას ხელი. ეს კანონი მიღებულ იქნა იმის გამო, რომ ისინი კეტავდნენ ტროტუარებს, მანიფესტაციებს აწყობდნენ ტროტუარებზე, იმისთვის, რომ დისკომფორტი შეექმნათ 150 კაცით თბილისის მოსახლეობისთვის. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი, აბსოლუტურად გამართული კანონია. ეს არ მოსწონს ევროპარლამენტს, გამოდის, რომ მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება. არ შეიძლება 150 „ნაცი“ აწუხებდეს 3 900 000 ადამიანს საქართველოში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები