კობახიძე: როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტი, არავის არ აინტერესებს არც ის ინსტიტუტი, არც მისი რეზოლუციები - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი:
აქედან გამომდინარე, ვერც პრაქტიკული და ვერც სხვანაირი თვალსაზრისით, სიმბოლური კუთხით ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა. თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაიუფასურა ყველაფერი და საკუთარი თავი.
ევროპარლამენტიც ევროკავშირის ფარგლებშია, მაგრამ როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა საკუთარი თავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. გადახედეთ რა მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და თავად დარწმუნდებით ყველაფერში"- თქვა მან.
მაკა ბოჭორიშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო ინსტიტუტებში მიღებული კრიტიკული რეზოლუციები ოპოზიციისა და ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. მისი მტკიცებით, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა და სწორედ ამით აიხსნება სხვადასხვა პლატფორმაზე მსგავსი ნარატივების გაჟღერება.
ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით და ეს ნარატივები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომელიც არაერთ რეზოლუციაში დაფიქსირდა, იყოს მაქსიმალურად ყველა ინსტიტუტში გაჟღერებული და მიღებული სხვადასხვა რეზოლუციების ფორმით. ეს არის ზუსტად თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიიტკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები. ასეთი ძლევამოსილიც არ არის ჩვენი ოპოზიცია, რომ მას უჯერებს მთელი სამყარო, ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს არის ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები, რომელსაც ემსახურება ოპოზიცია, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.