ფეხებზე მკიდია, დამიჭერენ თუ არა - ნიკა გვარამია
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთი, ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, ბრალდების მხარეს საქმეში არანაირი სახის მტკციებულება არ აქვს.
როგორც გვარამიამ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, "ფეხებზე ჰკიდია, დაიჭერენ თუ არა".
პოლიტიკოსის თქმით, სადაც მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით იხდიან სასჯელს ციხეში - "იქ კაცები რომ დაგვიჭირონ, არაუშავს, გადავიტანთ".
გულწრფელად გეტყვით, საერთოდ ფეხებზე მკიდია, ესენი დამიჭერენ თუ არა... სადაც ორი ქალია ციხეში, ერთი დააბრმავეს და მეორე ვერ გადაადგილდება, მზია ამაღლობელზე და ელენე ხოშტარიაზე ვამბობ, ოთხი შვილის დედაა ხოშტარია, მე მგონი მესამე ქალს კიდევ იჭერენ - მარიამ მეყანწიშვილს, ერთი შვილის დედას; სადაც ციხეში უშვებენ ქალებს, იქ კაცები რომ დაგვიჭირონ, არაუშავს, გადავიტანთ. სამარცხვინოა ის, რაც ქვეყანაში ხდება, სამარცხვინოა პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ „ქოცობა". რაც შეეხება პროცესებს, არ ვრჩები ხოლმე, ჩემზე მოწმე საქმეში არ ჰყავთ, არ ვიცი, რას ვუსმინო, რას დაველოდო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს",- განაცხადა გვარამიამ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.