"ოცნების" დეპუტატმა ევროპელი პარტნიორები "არამეგობრებად" გამოაცხადა
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მახაშვილი ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აკრიტიკებს.
მმართველი პარერტიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კრიტიკული ანგარიშები საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი „რადიკალური ძალების“ ინტერესებს ემსახურება.
განცხადება ამის შესახებ მახაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ "ასეთი დოკუმენტების" ავტორებს საქართველოს მეგობრები ვერ ეწოდებათ.
ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დოკუმენტები, რომლებსაც ზოგიერთები, მათ შორის, ამ დარბაზში პროგრესის სახელით გვაჩეჩებენ, სინამდვილეში, არის პირდაპირი გზამკვლევი იმ რადიკალური ძალებისთვის, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის საძირკვლის გამოცლაა. მათ არ სურთ ძლიერი სახელმწიფო, რადგან ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს მყარ სუვერენიტეტს, მათ კი სუსტი და მართვადი საქართველო სჭირდებათ. მშვიდობა მათთვის არა ღირებულება, არამედ გამოწვევა და დაბრკოლებაა. და, აქ ისმევა მთავარი კითხვა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ: შესაძლებელია თუ არა ასეთი დოკუმენტების ავტორებს ჩვენ ვუწოდოთ საქართველოს მეგობრები? და პასუხი ძალიან მკაფიოა - "არა". საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი დიდი პოლიტიკური ეგოების მსხვეპლი, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს, ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა.
ამასთან, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის მიწვეული გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2026 წლის 24 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება.
"ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას"- წერია განცხადებაში რომელიც ევროპარლამენტმა "ევროსკოპს" მიწერა.