მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას - "ოცნებაში" თვლიან, რომ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენა EU-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა მოითხოვონ

23.06.26 15:55
მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას - "ოცნებაში" თვლიან, რომ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენა EU-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა მოითხოვონ

"ოცნების" წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდაზე მუშაობს და იმედოვნებს, რომ სწორედ წევრი სახელმწიფოები მოითხოვენ ბრიუსელისგან საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენას.

მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ ურთიერთობას, რათა საკუთარი პოზიციების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდოს.

სამხარაძემ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მოქმედება და აღნიშნა, რომ კანდიდატ ქვეყნებში წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა და კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა მიუღებელია.

მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც რომლიმე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ჩადის კანდიდატ ქვეყანაში და იქ წინასაარჩევნო პროცესში რომელიმე პარტიას ან რომელიმე პარტიის საწინააღმედეგო აგიტაციას სწევს. ის, რაც ეპატიება ერთ რომელიმე კანდიდატ ქვეყანას, შეიძლება, შემდეგ არ ეპატიოს საქართველოს, რაც ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი.

ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა პოლიტიკური დიალოგის აღდგენა მათვე, ამ წევრმა ქვეყნებმა მოსთხოვონ ევროკომისიას, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე. 

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს, ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. ამასთან, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის მიწვეული გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2026 წლის 24 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება. "ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას"- წერია განცხადებაში რომელიც ევროპარლამენტმა "ევროსკოპს" მიწერა.

მსგავსი სიახლეები