"ოცნება უნდა დაფიქრდეს, რა ტონით საუბრობს ჩვენს პრემიერზე - ჯეიმს მაკკლირის ექსკლუზიური ინტერვიუ „პირველებთან“

23.06.26 17:13
"ოცნება უნდა დაფიქრდეს, რა ტონით საუბრობს ჩვენს პრემიერზე - ჯეიმს მაკკლირის ექსკლუზიური ინტერვიუ „პირველებთან“

 

 

ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები და „ქართული ოცნების“ რეაქციები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს გავლენა და სანქციების მექანიზმი.

„პირველებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მაკკლირი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბრიტანეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მკაცრი პასუხის მიღება მოუწევს.

მისი თქმით, კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინონ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეურაცხყოფა ლონდონის მხრიდან დამატებით რეაგირებას გამოიწვევს.

ირაკლი კობახიძის რიტორიკა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს სანქციების როლი. იცით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ მე მაშინვე დამგმო, როგორც კი თემთა პალატაში რამდენიმე კითხვა დავსვი. თანაც, მე არ ვარ მთავრობის წევრი, მე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარ. მათი რეაქცია გვიჩვენებს, თუ როგორ ადარდებთ ბრიტანეთი და ის გავლენა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ მათ ძალაუფლებაზე. რადგან მათ ხომ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებთ – სახელმწიფოზე კონტროლი, მედიაზე კონტროლი, ფულად ნაკადებზე კონტროლი და ასევე, ურთიერთობის შენარჩუნება მათ რუს მფარველებთან. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ სენსიტიურ წერტილებზე დაჭერა. კირ სტარმერი გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, ასე რომ, გაერთიანებულ სამეფოს ძალიან მალე ახალი პრემიერი ეყოლება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან საქართველოს მიმართ განსხვავებული მიდგომა აირჩიოს. ასე რომ, „ქართული ოცნების“ მთავრობისგან კვლავ იგივე რეაქციებს ველოდები. ვფიქრობ, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მისამართით შეურაცხყოფის მიყენება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მკაცრ პასუხს გამოიწვევს და კარგი იქნება, თუ მომავალში დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა ტონს იყენებენ ჩვენს პრემიერ-მინისტრზე საუბრისას",- ამბობს მაკკლირი. 

ბრიტანელი პარლამენტარი აცხადებს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პროპაგანდისტული მედიის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები უნდა განიხილოს. მაკკლირი ამბობს, რომ ლონდონს ივანიშვილზე გავლენის რეალური ბერკეტები აქვს, რადგან მისი აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ბრიტანეთის იურისდიქციასთან დაკავშირებულ ფინანსურ ცენტრებშია განთავსებული.

ვფიქრობ, პროპაგანდისტული მედიების სანქცირების მნიშვნელობა ძალიან დიდია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ფაქტობრივად ქართული ოცნების ინსტრუმენტად იქცევა. მე ასევე მოვითხოვე სანქციების დაწესება თემთა პალატაში ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის წინააღმდეგ; და ვსაუბრობდი იმ ქსელზე, რომელიც ივანიშვილის გარშემოა და რომელიც გამოიყენება ქართული სახელმწიფოს კონტროლისა და მიტაცებისთვის, რათა ის საკუთარი ძალაუფლების ერთგვარ იარაღად აქციოს. ვფიქრობ, გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია ამ მიმართულებით უფრო შორს წავიდეს. მე შევხვდი ბრიტანეთის მინისტრებს ამ საკითხზე, ძალიან მკაცრად მოვთხოვე სანქციების დაწესება და მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ეს საკითხი პირდაპირ მთავრობის წინაშე დასვა. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია უფრო შორს წასვლა და გაერთიანებულ სამეფოს საკმაოდ კონკრეტული როლი აკისრია, რადგან ლონდონი ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრია და ბატონი ივანიშვილის აქტივების დიდი ნაწილი ან ლონდონში ინახება, ან ჩვენს ზღვისიქითა ტერიტორიებზე, ისეთ ადგილებში, როგორიცაა კაიმანის კუნძულები და ბერმუდა. ასე რომ, გაერთიანებული სამეფოს მიერ მის წინააღმდეგ კონკრეტული ზომების მიღებას რეალური ეფექტი ექნება ბატონ ივანიშვილზე. და საკმაოდ თვალშისაცემია, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც მთავრობა ამაზე საუბრობს, ის ძალიან მწვავედ რეაგირებს . ის არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს თავის ფულზე, მისი ფული კი ისეთ ადგილებშია, სადაც გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინოს. ჩვენ უნდა გადავხედოთ პროცესს და ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია გაერთიანებულ სამეფოს უფრო მკაცრი ზომების მიღება, - ამბობს მაკკლირი.

მსგავსი სიახლეები