"ასეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილის არსებობა წამების ტოლფასია" - ექიმი ელენე ხოშტარიას შეხვდა

23.06.26 17:18
"ასეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილის არსებობა წამების ტოლფასია" - ექიმი ელენე ხოშტარიას შეხვდა

 

 

რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და ნდობით აღჭურვილმა ექიმმა, ანი ქავთარაძემ მოინახულეს. 

ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ანი ქავთარაძე განმარტავს, მან და უფლებადამცველმა ციხის დირექტორისა და მთავარი ექიმისგან მიიღეს პირობა, რომ დაკავებული პოლიტიკოსის მკურნალობის პროცესში ხვალვე ჩაერთვება მისი მკურნალი რევმატოლოგი და მოინახულებს პაციენტს. 

ანი ქავთარაძის თქმით, ისეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილი, როგორიც ელენე ხოშტარიას აქვს და ამავდროულად ადეკვატური მართვის არარსებობა "წამების ტოლფასია". 

მე ვიმყოფებოდი პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც ელენე ხოშტარიას მეგობარი, გულშემატკივარი, როგორც დედა ასევე მრავალშვილიანი დედის, ასევე როგორც ელენეს მხრიდან ნდობით აღჭურვილი ექიმი.

ციხის დირექტორისგან და მთავარი ექიმისგან ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს მიღებული პირობა, რომ ხვალვე ჩაერთვება ელენეს მკურნალი რევმატოლოგი პროცესში და ის მოინახულებს პაციენტს აუცილებლად, მაგრამ აქვე უნდა გითხრათ, რომ 6 დეკემბრის შემდეგ არის დაკარგული არაერთი დღე, წუთი, საათი, რომლის დროსაც უნდა მომხდარიყო დიაგნოსტირება, საბოლოო დიაგნოზის მიღება და ელენეს მდგომარეობის მართვა, გაუმჯობესება და მკურნალობა, რაც დღეს ჩვენ სამწუხაროდ სახეზე არ გვაქვს. 

ელენეს კლინიკური მდგომარეობა არის დამძიმებული, გაუარესებული უკიდურესად, წინა დღეებთან შედარებით მათ შორის, შესაბამისად უაღრესად მნიშვნელოვანია სწრაფად მოქმედება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და დროული მკურნალობის დაწყება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ჩემი, როგორც ექიმის, არამედ ჩემი სხვა კოლეგების მოსაზრებითაც, იმ დიაგნოზის, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ეჭვი, მართვა და მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია, ვინაიდან ყველას მოგეხსენებათ, რომ მას აქვს და ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, სხვა არაერთი გადატანილი დაავადება. შესაბამისად, თითოეული ამ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, ის საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში სამკურნალო სერვისების მიღებას, რაც ციხის პირობებში წარმოუდგენელია. ის იტანჯება ტკივილით და მე, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა უნდა განვაცხადო, რომ ასეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილის არსებობა და ამავდროულად ადეკვატური მართვის არარსებობა შეიძლება ითქვას, რომ უტოლდება წამებას, ეს არის წამების ტოლფასი ციხის პირობებში და შესაბამისად ეს პრობლემაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაჭრილი. 

მე იმედს ვიტოვებ, რომ ადგილი ექნება შემდგომში ადეკვატურ მართვას შეთანხმებისამებრ," - განაცხადა ექიმმა, ანი ქავთარაძემ. 

ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა და ციხის ადმინისტრაციამ გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ დაკავებულ პოლიტიკოსს, ადეკვატური მკურნალობა ჩაუტარდეს. 

ამასთან შოთა თუთბერიძე იმედოვნებს, რომ მკურნალობა დაგვიანებული არაა და შეუქცევად შედეგებთან არ აქვთ საქმე. 

მოხარული ვარ და ერთგვარად მადლობელიც იმისთვის, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა და მე ვფიქრობ, რომ გარკვეული შედეგები გვაქვს, შედეგები გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ერთის მხრივ მივიღეთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ელენე ჯანმრთელობის შეფასების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებში ჩაერთვება ნდობით აღჭურვილი ექიმიც სამოქალაქო კლინიკიდან, რომელიც ისარგებლებს ორივე მხარის ნდობით და ამასთან მივიღეთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა აუცილებელი მკურნალობა მას უნდა ჩატარდეს და ციხის ადმინისტრაცია ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. 

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამავე შეხვედრაზე ჩვენ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა ის პრობლემა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში, ნამდვილად არსებობდა და ნამდვილად არსებობს დღემდე. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დავაგვიანეთ ისე, რომ უკვე შეუქცევად შედეგებთან გვქონდეს საქმე, თუმცა ვიზუალური დაკვირვებით, მე, როგორც არაპროფესიონალმა შემიძლია ვთქვა, რომ ელენეს მდგომარეობა დღითიდღე უარესდება ბოლო ვიზიტთან შედარებით და ბოლო საათების განმავლობაშიც კი მისი მდგომარეობა გაუარესებულია. 

ასევე დადასტურდა ყველა ის პრობლემა და ყველა ის წუხილი, რომელზეც ვსაუბრობდით დიდი ხნის განმავლობაში, დაწყებული ჯეროვანი კვლევების არსებობით, საჭირო მკურნალობის ჩაუტარებლობით. 

თუმცა, მთავარი შედეგი დღევანდელი შეხვედრისა არის ის, რომ პენიტენციურმა სამსახურმა და ციხის ადმინისტრაციამ გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ ელენეს ადეკვატური მკურნალობა ჩაუტარდეს, რათა ჩვენ არ მივიღოთ სავალალო შედეგები და იმედია, ამ პირობას პენიტენციური სამსახური დაიცავს," - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

ასევე იხილეთ: 

მსგავსი სიახლეები