დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში ღრმად შემაშფოთებელია - ალან ბერსე
" დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში ღრმად შემაშფოთებელია"- ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განაცხადა.
მისი თქმით, სრულიად მიუღებელია სამოქალაქო სივრცის შემცირება, ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე, დაკავებები, შემზღუდავი კანონმდებლობა და ძალადობაზე ნაკლები ანგარიშვალდებულება.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანმა დეპუტატების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ის წინა კვირას, სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა - "არსებული შეშფოთებები ისევ არსებობს"- თქვა მაღალჩინოსანმა.
მისივე განცხადებით, არსებული შეშფოთების შესახებ ესაუბრა ირაკლი კობახიძესაც.
მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ასამბლეის მუშაობას საქართველოზე, მათ შორის წინა რეზოლუციებს, მათ შორის მოხსენებას, რომელიც განიხილება ამ კვირაში.
ჩვენ ვხედავთ და თვალს ვუსწორებთ ერთსა და იმავე რეალობას. დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში ღრმად შემაშფოთებელია და მას მკაფიოდ უნდა მიექცეს ყურადღება.
სამოქალაქო სივრცის შემცირება, ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე, დაკავებები, შემზღუდავი კანონმდებლობა. ასევე ძალადობაზე ნაკლები ანგარიშვალდებულება - ეს სრულიად მიუღებელია.
მე შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას ამ კვირაში და არსებული შეშფოთებები ისევ არსებობს. ჩემთვის მარტივია ზოგიერთი ინსტრუმენტის გამოყენება, მაგრამ გვჭირდება დარწმუნება, რომ იქნება პროგრესი.
მე კვლავ ჩართული ვრჩები ყველა დონეზე და, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დიალოგი, ჩემთვის, ვერ იქნება თვითმიზანი. ეს არის ნათელი.
კითხვაა: როდის, როგორ და რა ეფექტით. არა მხოლოდ როდის და როგორ, არამედ რა ეფექტით, რა შედეგით. ეს არის დისკუსიის მნიშვნელოვანი ელემენტი. ეს ნათლად განვუცხადე ირაკლი კობახიძეს ერევანში. და ასევე ვთხოვე ჩემს გუნდს ემუშავათ სიტუაციის მონიტორინგისთვის"- თქვა ალან ბერსემ.
ევროსაბჭოში დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ევროპელ პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.
მდგომარეობა ისეთივე ცუდია საქართველოში, როგორც ბელარუსში - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელებს. 24 ივნისს დაგეგმილია ასამბლეის საზაფხულო სესიის სხდომა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება და კენჭი ეყრება რეზოლუციის პროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მდგომარეობას აფასებს.