კარაფანო: თუ საქართველოს აშშ-სთან რეალური პარტნიორობა არ სურს, ვაშინგტონი მას გვერდს აუვლის

24.06.26 10:21
კარაფანო: თუ საქართველოს აშშ-სთან რეალური პარტნიორობა არ სურს, ვაშინგტონი მას გვერდს აუვლის

თეთრ სახლთან დაახლოებული საგარეო პოლიტიკის ექსპერტი და „ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ჯეიმს კარაფანო აცხადებს, რომ აშშ საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით არის დაინტერესებული, თუმცა თბილისს განსაკუთრებულ პრივილეგიებს კონკრეტული ნაბიჯების გარეშე არ მისცემს. ამის შესახებ ის Independence Avenue Media-თან ინტერვიუში საუბრობს. 

კარაფანოს თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ვაშინგტონი პარტნიორობას მხოლოდ კეთილი განცხადებების საფუძველზე გააღრმავებს.

„თუ საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ იცის, მაშინ ისინი იდიოტები არიან. და თუ ამის შესაბამისად არ მოქმედებენ, მაშინ მიზეზი ისაა, რომ მათ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა არ სურთ,“ — აცხადებს კარაფანო.

მისი შეფასებით, აშშ საქართველოს უკან არ გაეკიდება და არჩევანი თავად თბილისმა უნდა გააკეთოს.

„თუ მათ რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში ცხოვრება სურთ, კარგი. ჩვენ სხვა ალტერნატივებიც გვაქვს,“ — ამბობს ექსპერტი.

კარაფანო ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოში დემოკრატიის საკითხებზე თვალს არ დახუჭავს, თუმცა არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხარეს არ დადგება. მისი თქმით, ვაშინგტონი საქართველოს მიმართ „პრაგმატულ და კონსტრუქციულ“ პოლიტიკას გაატარებს.

ექსპერტის შეფასებით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა „შუა დერეფნის“ განვითარებაში აქტიური ჩართულობა, შავი ზღვის უსაფრთხოება და ჩინეთზე სტრატეგიული დამოკიდებულების შემცირებაა. მისი თქმით, აშშ დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით, თუმცა ინიციატივა ქართული მხარისგან უნდა მოდიოდეს.

მსგავსი სიახლეები