ხმაური პარლამენტში - გიორგი გვარაკიძის ანგარიშის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

24.06.26 11:43
ხმაური პარლამენტში - გიორგი გვარაკიძის ანგარიშის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

 

 

პარლამენტში გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის წლიური ანგარიშის განხილვა დაპირისპირების ფონზე წარიმართა. „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიგა ფარულავამ პროკურატურას ბოლო წლებში  აქციების მონაწილეების, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირების გამო კითხვები დაუსვა.

„ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ არაერთი სისტემური ძალადობა: მშვიდობიან აქციებზე, მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, არაერთი თავდასხმა დაკავებულებზე, ვნახეთ მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტები, რაც დადასტურებული და მოცემულია ასევე სახალხო დამცველის დასკვნაში. ასევე, არაერთ საერთაშორისო შეფასებებში. ამ ყველაფრის ფონზე დღეის მდგომარეობით ორი წლის შემდგე დაკავებულია მხოლოდ 5 პირი. საინტერესოა, თქვენი შეფასება ეთანხმებით თუ არა სახალხო დამცველის ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და მიგაჩნიათ თუ არა, რომ რეალურად დაირღვა ადამიანის უფლებები - თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას შერჩევით მართლმსაჯულებაზე როდესაც ვსაუბრობთ. ამ ფონზე 2 წლის შემდეგ მხოლოდ 5 მოძალადე პირია დაკავებული“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

დეპუტატმა ასევე სცადა კითხვების დასმა გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეზე ძალადობის ფაქტსა და 20 ივნისის საქმეზე, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მას რამდენჯერმე სიტყვა შეაწყვეტინა. გორდულაძის განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტის 168-ე მუხლის მიხედვით, მიმდინარე ან ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული კითხვების დასმა დაუშვებელია.

ფარულავა აცხადებდა, რომ იგი ახალ გარემოებებს არ ითხოვდა და მხოლოდ უკვე საჯაროდ ცნობილი ფაქტების შეფასებით ინტერესდებოდა. მიუხედავად ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ მას კითხვის გაგრძელების საშუალება არ მისცა და რეგლამენტის მოთხოვნებზე მიუთითა.

სხდომა სიტყვიერი კამათის ფონზე გაგრძელდა. საბოლოოდ, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ კოლეგებს დროს აღარ დააკარგვინებდა და მისთვის საინტერესო კითხვებს გენერალურ პროკურორს უკვე პლენარულ სხდომაზე დაუსვამდა.

მსგავსი სიახლეები