მთავარ პროკურორს კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე ჰკითხეს - რა პასუხი აქვს გვარაკიძეს

24.06.26 13:40
მთავარ პროკურორს კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე ჰკითხეს - რა პასუხი აქვს გვარაკიძეს

 

 

პარლამენტში გენერალური პროკურორის წლიური ანგარიშის განხილვისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ გიორგი გვარაკიძეს ჰკითხა, მიუთითებს თუ არა პროკურატურის მიერ ბოლო წლებში მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები საქართველოში სისტემური პოლიტიკური კორუფციის არსებობაზე.

შარაშიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის მერიაში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე და დაინტერესდა, არის თუ არა ეს გარემოებები საკმარისი საფუძველი თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად. 

თქვენივე დაწყებული გამოძიებების რაოდენობა, მათ შორის ისეთი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ როგორებზეც თქვენ საუბრობთ და ვიცით ეს კარგად, ყოფილი პრემიერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და ა.შ., მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ საქართველოში არის სისტემური პოლიტიკური კორუფცია, ეს ერთი და ამის მაგალითად მინდა, მოვიყვანო თბილისის მერია, თქვენს ანგარიშშიც არის დასახელებული კონკრეტული თანამდებობის პირი, ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, თურმე ბავშვების ფულს იპარავდა, სახლში მიჰქონდა, თენახმებით თუ არა თბილისის მერს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი და თბილისის მერიაში აღმოჩენილი ასეთი მასშტაბური კორუფციული დანაშაულები არის თუ არა საკმარისი საბაბი იმისთვის, რომ კონკრეტულად თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ დაიწყოთ სისხლის სამართლებრივი დევნა?, - თქვა გიორგი შარაშიძემ.

კორუფციის შესაძლო სისტემურ ხასიათსა და თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხზე დასმულ კითხვას გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უპასუხა, რომ პროკურატურისთვის კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, თუმცა მისი თქმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია და არ შეიძლება ერთი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სხვა პირის პასუხისგებაში მიცემა. 

თუ ვინმეს შეუძლია, დღეს თქვას, რომ კორუფციას ებრძვის, ჩვენ ვართ ის ადამიანები და მე ასეთი წარმოდგენაც მაქვს, ასეთი განწყობაც მაქვს და ყველაფერი ასახულია კიდეც ჩვენი ერთი წლის საქმიანობაში. 

გპირდებით იმას, რომ ამ კუთხით ჩვენ უკან არ დავიხევთ, ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს პრკურატურის კორუფციასთან ბრძოლა. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალური და ერთი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე სხვა პირს ჩვენ პასუხს ვერ ვაგებინებთ. თუ ხელმძღვანელ პირს აქვს რაიმე ტიპის კატეგორიის დანაშაული ჩადენილი, კი, ბატონო, მივცემთ პასუხისგებაში, მაგრამ ის, რომ პროკურორმა, რომელიც ჩემს დაქვემდებარებაშია, ჩაიდინა ინდივიდუალური კატეგორიის დანაშაული, თქვენ მე ბრალს ვერ წარმიდგენთ, იმიტომ, რომ მე არ ვარ დამნაშავე იმაში, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, - თქვა გვარაკიძემ.