შიდა ქართლის პოლიციის უფროსი სერგი ბზიშვილი აღარ არის
სერგი ბზიშვილი შიდა ქართლის პოლიციის უფროსი აღარ არის - ბზიშვილი ამ პოსტზე პოლიციის პოლკოვნიკმა, რამაზ თათარაშვილმა შეცვალა. თანამშრომლებს ახალი დირექტორი შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სერგი ბზიშვილი საქმიანობას
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.
რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, სერგი ბზიშვილის შიდა ქართლის პოლიციის უფროსად მუშაობის დროს, მიმდინარე წლის 27 მაისს, გორში, პოლიციელებმა მოქალაქეებზე, პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილზე ჯგუფურად იძალადეს.
რა მოხდა გორში?
- 27 მაისს პოლიციამ გორში 30 წლამდე კაცზე, პაპუნა ლოცულაშვილზე იძალადა; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.
- პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;
- გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე 28 მაისს ექვსი პოლიციელი - ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე დააკავეს;
- პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი თავადაც ბრალდებულის სტატუსს ატარებს - კაცს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი - ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“;
- რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პოზიციას, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა: „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.