კორუფციული დანაშაულებების ბევრი საქმე ჯერ ისევ გაუხსნელია - გენერალური პროკურორი დაკავებებს არ გამორიცხავს
პარლამენტში მისულ გენერალურ პროკურორს გორში მომხდარი ძალადობის თემაზე არჩილ გორდულაძე აჩუმებს და უფლებას არ აძლევს გამოძიებაზე ისაუბროს. ოცნების დეპუტატთან გამკლავება მოუწიათ გახარიას გუნდის წევრებსაც. ოპოზიციონერი დეპუტატები პროკურორისგან ითხოვდნენ პასუხს, რატომ არ დადგა ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი, როცა მძიმე დანაშაული 6მა პოლიციელმა ერთდროულად ჩაიდინა. გორდულაძე კითხვის ავტორებსაც აწყვეტინებს და გენერალურ პროკურორსაც.
რამდენიმე საათში იგივე მოხდა სასესიო დარბაზშიც. ამჯერად კითხვების რევიზიის ფუნქცია შალვა პაპუაშვილმა შეითავსა და კითხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მაშინვე გააწყვეტინა, როცა გიორგი გახარიას გვარი გაისმა.
გენერალური პროკურორი პარლამენტში წლიური ანგარიშით მივიდა და თქვა, რომ წელს ბოლო 6 წელთან შედარებით ყველაზე მეტი სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. მათ შორის ეს ეხება კორუფციულ დანაშაულსაც, რომელზეც პასუხისმგებლობა მაღალი თანამდებობის პირებს დაეკისრათ. გვარაკიძეს ჰკითხეს, რატომ არ ინტერესდება პროკურატურა კახა კალაძის საქმიანობით იმ ფონზე როცა მძიმე დანაშაული მის მიერ დაქვემდებარებულ სამსახურში გამოვლინდა.
გაირკვა, რომ კორუფციულ დანაშაულზე პროკურატურა კიდევ ბევრ საქმეს იძიებს და გამორიცხული არ არის სამომავლოდ მაღალი თანამდებობის პირები დააკავონ. ეს გენერალურმა პროკურორმა მედიასთან თქვა.
გიორგი გვარაკიძე გამორიცხავს შერჩევით სამართალს, უარყოფს სისტემური კორუფციის არსებობას, საუბრობს გამოძიების მაღალ სტანდარტებზე. ჰკითხეს, რატომ არ არიან დასჯილები დემონსტრანტებზე მოძალადე სპეცრაზმელები მაშინ როცა 2024 წლის მასშტაბურ პროტესტს 300ზე მეტი დაზარალებული ჰყავს.
კიდევ ბევრი კითხვა დაისვა თუმცა დეპუტატებმა ზოგადი კომენტარების მიღმა მკაფიო პასუხები ვერ მიიღეს. უმეტესად გენერალურ პროკურორს პასუხებს ოპოზიციონერი დეპუტატები სთხოვდნენ. ოცნებიდან მიკროფონი ფაქტობრივად არ ჩართულა.