სანქციები უნდა შეეხოს ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობს ცხინვალის რეგიონის ანექსიის იურიდიულ გაფორმებაში - ანი წითლიძე

25.06.26 12:07
სანქციები უნდა შეეხოს ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობს ცხინვალის რეგიონის ანექსიის იურიდიულ გაფორმებაში - ანი წითლიძე

 

 

საგანგებო ბრიფინგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ - პარტია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ ასახელებს.

ანა წითლიძე აღნიშნავს, რომ ენმ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებელ და მათ ხელშემწყობთა მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას იწყებს. "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო გუნდი საგანგებო შეხვედრებს გამართავს.

წითლიძე პროევროპულ ოპოზიციურ ძალებს, არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო მოძრაობებს მოუწოდებს, "შეიქმნას ერთიანი, კოორდინირებული წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც დაუპირისპირდება რეჟიმის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატსა და დანაშაულებრივ უმოქმედობას".

ენმ-ს სტრატეგიული მოქმედების გეგმაში მოხვდა  ეკონომიკური და ჰიბრიდული გავლენების განეიტრალებაც

„საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, კრემლის მიერ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების“ ახალი სამართლებრივი დოკუმენტების ფორსირება და ოკუპირებული ტერიტორიული ერთეულის ე.წ. „გაერთიანების“ მცდელობა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ღია, მცოცავი ანექსიის მორიგ ფაზას.

საგანგაშო და ანტისახელმწიფოებრივია თბილისში, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო რეჟიმის სრული პოლიტიკური დუმილი და უმოქმედობა. ეს არ არის „მშვიდობის შენარჩუნების“ პოლიტიკა. ეს არის ოკუპანტის წინაშე, კაპიტულაცია, საგარეო იზოლაციონიზმი და რუსული აგრესიის წინაშე საქართველოს ინტერესების მიზანმიმართული ღალატი.

კრემლი იურიდიულ ანექსიას ახორციელებს ზუსტად იქ და მაშინ, სადაც მას ოკუპირებული საქართველოს დე ფაქტო მმართველი რეჟიმის მხრიდან, შეგნებულად სრული პასიურობა და დანაშაულებრივი უმოქმედობა ხვდება.

სახელმწიფოებრივი ბერკეტების მიტაცებისა და საპარლამენტო დემოკრატიის პარალიზების პირობებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და აყალიბებს მოქმედების შემდეგ სტრატეგიულ მიმართულებებს:

საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა მიზნობრივი და პერსონალური სანქციების დაწესებისთვის - ვინაიდან ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, შეგნებულად უარს ამბობს დიპლომატიური ბერკეტების გამოყენებაზე, ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) და აშშ-ის კონგრესის მეგობართა ჯგუფების მეშვეობით, ვიწყებთ მუშაობას რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებელ და მათ ხელშემწყობთა მიმართ, მიზნობრივი სანქციების დაწესების მიზნით. სანქციები უნდა შეეხოს ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობს ცხინვალის რეგიონის ანექსიის იურიდიულ გაფორმებაში.
პარტიული და საზოგადოებრივი ძალისხმევის კონსოლიდაცია - ჩვენ ვემიჯნებით ვიწროპარტიულ ამბიციებსა და ამ პროცესების, ნებისმიერი ფორმით პოლიტიკურ მონოპოლიზაციის მცდელობას. მოვუწოდებთ ყველა პროევროპულ ოპოზიციურ ძალას, არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო მოძრაობებს, შეიქმნას ერთიანი, კოორდინირებული წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც დაუპირისპირდება რეჟიმის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატსა და დანაშაულებრივ უმოქმედობას.
დიპლომატიური კორპუსის მობილიზება - პარტიის საგარეო გუნდი გამართავს საგანგებო შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მათ ოკუპაციის ხაზთან არსებულ ვითარებაზე, დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ და მოვითხოვოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატის ფარგლებში მონიტორინგის გაძლიერება და საერთაშორისო ინსტიტუტების შესაბამისი რეაგირება.
კიდევ ერთი მიმართულება იქნება ეკონომიკური და ჰიბრიდული გავლენების განეიტრალება.

კაპიტალის მკაცრი კონტროლი: საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (FATF, აშშ-ის ხაზინა) ერთად, რუსეთიდან შემომავალი ან საქართველოდან რუსეთში გამავალი ფინანსური ნაკადების გაფილტვრა.

ოკუპანტ სახელმწიფოსთან და მის ხელშემწყობთა მიმართებაში, სატრანსპორტო და საბაჟო და სხვა ეკონომიკური ბერკეტების შეგნებულად გამოუყენებლობა და მცოცავ ანექსიასთან შეგუება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დანაშაულია.

ჩვენი უპირველესი მიზანია, საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს პატრიოტულ საზოგადოებასთან და ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან ერთად, არ დავუშვათ, ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, გატარებული მოღალატური პოლიტიკით გამოწვეული, ცივილიზებული სამყაროსგან, საქართველოს სრული იზოლაცია, ისევე როგორც, ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის წინაშე, შეგნებული და მიზანმიმართული კაპიტულაცია. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება!,“ - განაცხადა წითლიძემ.