გრიგოლ გეგელია: ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე
„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არა მარტო უვიზო რეჟიმი, არა მარტო ჩვენი ქვეყნის სტატუსი, არამედ იმ ევროსაბჭოს წევრობაც - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე, - თქვა პოლიტიკოსმა.
გეგელიას შეფასებით, რეზოლუციაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ხოლო ქვეყანა შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც სახელმწიფოს ევალება.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ევროპის საბჭო მოითხოვს, რომ კრიზისის დასაძლევად ჩატარდეს ახალი, კონკურენტული და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გაუქმდეს ანტიდემოკრატიული კანონები.
„ამ ძალიან მძიმე, სამარცხვინო ანტიქართული მომენტიდან გამოსავალი არის ის, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციები შესრულდეს“- თქვა მან.
„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არა მარტო უვიზო რეჟიმი, არა მარტო ჩვენი ქვეყნის სტატუსი, არამედ იმ ევროსაბჭოს წევრობაც, სადაც ზურაბ ჟვანიამ საკუთარი ისტორიული სიტყვები თქვა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. სწორედ ამ დარბაზში გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ იყო ქართველი, შეიძლება ჯერაც ნიშნავდეს იყო ევროპელი, მაგრამ „ქოცი“ ნიშნავს დაშორდე ევროპას, დემოკრატიას და კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. გუშინ რეზოლუციამ ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ქვეყანა კი შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს ევალება, როგორც ვალდებულება და არა როგორც ფუფუნება და პრივილეგია. საქართველოში გრძელდება დემოკრატიული უკუსვლა და რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტები, ისე როგორც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია არიან ზეწოლის ქვეშ. საარჩევნო პროცესის და ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის შესუსტებული. პრაქტიკულად, ქართველ ერს არ გააჩნია არავითარი ნდობა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას წინა რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ეს არის ისტორიული ანტი-მომენტი, როდესაც წევრობის შესაბამისობა ღიად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე. ქვეყნისთვის, რომლის კეთილდღეობას და განვითარებას ამ ისტორიულ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება მეტი კარგი რეპუტაცია, მეტი აღიარება, მეტი ინვესტიცია“,-განაცხადა გეგელიამ.